რა პრინციპით მოიხსნება ბაგა-ბაღების, უმაღლესი სასწავლებლების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, თეატრებისა და სახელოვნებო წრეების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რა პრინციპით მოიხსნება ბაგა-ბაღების, უმაღლესი სასწავლებლების, მუზეუმების, ბიბლიოთეკების, თეატრებისა და სახელოვნებო წრეების მუშაობაზე დაწესებული შეზღუდვები.

როგორც მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რეგულაციების მოხსნის გეგმის პარალელურად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ სამედიცინო პროტოკოლი დაიცვას.

„როგორც საჯარო, ასევე კერძო ბაღები საქმიანობას სრულად 1-ელ მარტს აღადგნენ. აქ განსაკუთრებით ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20% სავალდებულო ტესტირებას გაივლის, ზუსტად ისევე, როგორც ეს ჩვენ გვაქვს სკოლების მასწავლებლებისთვის. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიულ კოლეჯებს, აქ ორ ეტაპად გვაქვს გაყოფილი პროცესი, კერძოდ: 1-ელი მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებს და პროფესიულ კოლეჯებს უფლებამოსილება ეძლევათ, რომ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და ასევე გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. ეს ნებაყოფლობითია, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ჩვენთან შეთანხმებით ინდივიდუალურად მიიღებენ. შემდეგი ეტაპი ანუ საქმიანობის სრულად აღდგენა - მათ უფლებამოსილება ენიჭებათ, რომ აკადემიური პროცესის დანარჩენი ნაწილი ანუ ლექციები აუდიტორიებში 15 მარტიდან განაახლონ. ეს არის მათი უფლებამოსილება და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ისევ ჩვენთან შეთანხმებით მიიღებენ.

რაც შეეხება წრეებს, პროცესი სრულად აღდგება 15 მარტს. მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების საქმიანობა განახლდება 1-ელ მარტს, სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით. რაც შეეხება თეატრებს, სპროტულ კლუბებს, პროფესიულ ანსამბლებს, აქაც ორ ეტაპად არის პროცესი დაყოფილი, 1-ელი ეტაპი, რაც გულისხმობს სარეპეტიციო პროცესს და ვარჯიშს, დაიწყება 15 მარტიდან, ხოლო საქმიანობის სრულად აღდგენა, რაც გულისხმობს თეატრალურ წარმოდგენებს, სპორტულ შეჯიბრებს, კონცერტებს მაყურებლების დასწრებით ეს პროცესი იქნება 1-ელი აპრილიდან.

საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, რომ იმისთვის, რომ ეს გეგმა შევასრულოთ, მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას სამედიცინო პროტოკოლი“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.