ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ასეთმა გახსნამ მომავალში ეპიდვითარების გარკვეული გაუარესება გამოიწვიოს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ეკონომიკის მინისტრი ბიზნესს და საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს და არ გამორიცხავს, რომ თუ შესაბამისი პროტოკოლების მკაცრი დაცვა არ მოხდება, შეზღუდვები კვლავ დაწესდეს.
„ამაზე დღესაც გვქონდა მსჯელობა, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ და ამას აბსოლუტურად ვიაზრებთ, რომ მომავალში ასეთმა გახსნამ ეპიდვითარების გარკვეული გაუარესება გამოიწვიოს. ეს რისკი ყოველთვის არსებობს, ამიტომ ხაზს ვუსვამთ, რომ ეს ერთობლივი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობა ყოველთვისაა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობა იმ ბიზნესმაც უნდა გაიზიაროს, რომელსაც ვხსნით. ეს არაა უპირობო გადაწყვეტილება, უფლებას ვიტოვებთ, თუ დავინახეთ, რომ ადამიანებმა, მომხმარებლებმა აღარ დაიცვეს რეგულაციები და ბიზნესი არ ასრულებს პროტოკოლს, ვაფრთხილებთ, რომ ჩვენთვის ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე უპირატესია და მოგვიწევს კვლავ შეზღუდვების დაწესება, რისი გაკეთებაც არ გვინდა. ყველას და განსაკუთრებით ბიზნესს მოვუწოდებ, თუ პროტოკოლების ძალიან მკაცრი დაცვა არ იქნება, არავის არ ეწყინოს, ვალდებულები ვიქნებით ამ გადაწყვეტილებებს გადავხედოთ“,-აღნიშნა თურნავამ.