თამარ გაბუნია - ე.წ. კომენდანტის საათი ძალიან ეფექტური გამოდგა მობილობის კონტროლისთვის

ე.წ. კომენდანტის საათი ძალიან ეფექტური გამოდგა ჩვენი გამოცდილებით მობილობის კონტროლისთვის, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შემდგომი შეზღუდვების მოხსნის საფუძველი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ან არსებულის შენარჩუნება იქნება.

„ე.წ. კომენდანტის საათი ძალიან ეფექტური გამოდგა ჩვენი გამოცდილებით მობილობის კონტროლისთვის. ამდენად, როდესაც ჩვენ დღეს უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება ამდენი შეზღუდვის შემსუბუქებაზე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ეტაპობრიობა, რომელსაც ჩვენ ამდენი ხანი მივყვებოდით და მხოლოდ გარკვეული ანალიზის საფუძველზე უნდა მივიღოთ უკვე გადაწყვეტილება იმაზე თუ რამდენად შემსუბუქდება დამატებით კიდევ ის შეზღუდვები, რომელიც დარჩა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეზღუდვა, რომელმაც ჩვენ რეალურად შედეგი დაგვანახა და ამდენად მისი შენარჩუნება მნიშვნელოვანია ჯერჯერობით.

დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გარკვეულწილად სტაბილურია, თუმცა არ არის იდეალური მდგომარეობა, რომელიც ჩვენ გვინდა, რომ გვქონდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დღევანდელი შემსუბუქების პირობებში მთავარი ამოცანა გვაქვს ის, რომ აი ეს მდგომარეობა, რომელიც აქამდე ძალისხმევის შედეგად მივიღეთ, შენარჩუნდეს და არ მოხდეს მისი გაუარესება. ამდენად, გახსნის პირობებში თუნდაც დღევანდელი მდგომარეობის შენარჩუნება საფუძველს მოგვცემს, რომ ვიფიქროთ დარჩენილი შეზღუდვების შემდგომ კიდევ შემსუბუქებაზე“, - განაცხადა გაბუნიამ.