ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კვირის ბოლომდე კონსულტაცია შედგება: „კოვაქსის“, „ფაიზერისა“ და საქართველოს მონაწილეობით და დაზუსტდება, საქართველო დაპირებულ 29 250 ვაქცინის დოზას როდის მიიღებს.
როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სავარაუდოდ, ქვეყანა მარტის პირველ ორ კვირაში მიიღებს იმ დოზებს, რასაც „ფაიზერისგან“ ელოდება.
„ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე კიდევ ერთხელ შედგება კონსულტაცია: „კოვაქსის“, „ფაიზერისა“ და საქართველოს მონაწილეობით, სადაც ყველა დეტალი დაზუსტდება და დაზუსტდება თუ როდის მივიღებთ შეპირებულ 29 250 ვაქცინის დოზას, რაც „კოვაქს პლატფორმიდან“ საქართველომ უნდა მიიღოს. ამ დოზებს თებერვლის ბოლომდე ველოდებოდით, მაგრამ დაყენებული დამატებითი მოთხოვნების გამო, მთლიანად ყველა იმ ქვეყანაში, ვისაც ეს დოზები უნდა მიეღო, გარკვეული გადავადება გამოვიდა. იმედი გვაქვს, რომ მარტის პირველ ორ კვირაში მივიღებთ უკვე იმ დოზებს, რასაც „ფაიზერისგან“ ველოდებით. მე ვფიქრობ, მომავალ კვირას გვექნება უფრო მეტი დეტალი, რომ ვიცოდეთ: საიდან ჩამოდის, როდის ჩამოდის და თუ როდის გვექნება მისი მიღების საშუალება“, - განაცხადა გაბუნიამ.