იმდენად უუნაროა ხელისუფლება, იმედი მაქვს, რომ ღარიბაშვილის დაანონსებულ მავნებლურ გეგმებს ბოლოში ვერ გაიყვანს - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ახალი პრემიერის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, ღარიბაშვილის გეგმებიდან მხოლოდ ეკონომიკის სწრაფი გახსნაა მისაღები.
,,ღარიბაშვილი, როცა პრემიერი იყო, თავი მავნებლობებით ან არაფრის კეთებით, არაფრით დაგვამახსოვრა. ამ დროს დაიწყო აწარმოე საქართველოში, დანერგე მომავალი და ბევრი სუბსიდია სოფლის მეურნეობაში, რაც სრული მავნებლობა იყო. მე ვფიქრობ, რომ მისი პირველი პრემიერობა მაინც განისაზღვრა რეპრესიებით და ბინძური მეთოდებით ბრძოლით ოპოზიციასთან. ეკონომიკური თვალსაზრისით განსაკუთრებული არაფერი მახსენდება, ან გადაფარა პოლიტიკურმა მდგენელმა.
იმდენად უუნარო და უსუსური ხელისუფლებაა, რომ მავნებლურ გეგმებს, რომლებზეც ღარიბაშვილმა ისაუბრა, დიდი იმედი მაქვს, ვერ გაიყვანს ბოლოში. მაგალითად, დააანონსა სახელმწიფო კაპიტალიზმი. არარენტაბელურ დარგებში ბიზნესი არ დებს ფულს და სახელმწიფომ უნდა სცადოსო? რატომ, არავინ ამბობს. თურმე, უნდა ვიყოთ თვითკმარი ეკონომიკა, რომელი ეკონომიკაა დღეს თვითკმარი? მით უფრო ჩვენი ტიპის პატარა ღია ტიპის ეკონომიკა ვართ. ერთადერთი, რასაც ვეთანხმები და რაზეც გადაკვრით ისაუბრა, არის ეკონომიკის სწრაფი ტემპით გახსნა. ამ კუთხით თუ მეტი ვაჟკაცობა ეყოფა, ვიდრე გახარიას რა საკვირველია, ეს იქნება დადებითი“, - განაცხადა ბედინეიშვილმა ,,საქმეში“.