თბილისის მერია დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შაბათ-კვირას მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

თბილისის მერია დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის შაბათ-კვირას მუშაობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მუნიციპალურ ტრანსპორტზე შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვები იხსნება. თბილისის მეტრო და მუნიციპალური ავტობუსები 27 თებერვლიდან მგზავრებს ყოველდღე, ჩვეულ რეჟიმში მოემსახურებიან.

„უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ტარდება. დეზინფექცია უტარდება, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს.

რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. პირბადის გარეშე მგზავრობის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია, არ დაძრას ავტობუსი. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან ასევე, თბილისის მეტროსადგურებში. ავტობუსებში კვლავ აკრძალული იქნება გათბობა-გაგრილების სისტემის ჩართვა.

გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა კვლავ ძალაში რჩება, თბილისის მეტრო და ავტობუსები 21:00 საათამდე იმუშავებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.