აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტო - Johnson & Johnson- ის ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია

კვლევამ აჩვენა, რომ Johnson & Johnson- ის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, - ამის შესახებ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებშია აღნიშნული.

Reuters-ის ინფორმაციით, სააგენტოს დამოუკიდებელი ექსპერტების კომისია პარასკევს შეიკრიბება და იმსჯელებს, დაამტკიცონ თუ არა აღნიშნული ვაქცინა. მიუხედავად იმისა, რომ სურსათისა და მედიკამენტების სააგენტო ვალდებული არ არის, ექსპერტების რჩევას მიჰყვეს, სააგენტომ Pfizer-სა და Moderna-ს ვაქცინები სწორედ მათგან რეკომენდაციის მიღების შემდეგ დაამტკიცა.

კომპანია Johnson & Johnson-მა გასულ თვეში განაცხადა, რომ მისმა ვაქცინამ გლობალური მასშტაბით ჩატარებულ კვლევაში, რომელშიც 44 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა, საერთო ჯამში, 66%-იანი ეფექტურობა, დაავადების მძიმე ფორმის თავიდან აცილების კუთხით კი 85%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

ამასთან ვაქცინაციის შემდეგ სამ პირს მწვავე გვერდითი ეფექტები გამოუვლინდა, თუმცა შემთხვევების ანალიზს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემის არსებობის საკითხი არ დაუყენებია, რაც ხელს შეუშლიდა ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაციის გაცემას,

ცნობისათვის, კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციისას Johnson & Johnson- ის ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზაა საკმარისი.