,,ვიხსნებით არა იმისათვის, რომ მოგება გვქონდეს, არამედ იმიტომ, რომ გადავრჩეთ“ - Inn Group

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამთო კურორტები დღეიდან გაიხსნება, თუმცა საბაგიროები ფუნქციონირებას, მხოლოდ 8 მარტიდან აღადგენენ.

"Inn Group-ის“ აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ მიუხედავად ამ გარემოებისა, გადაწყვიტეს დღესვე გახსნან, როგორც ბაკურიანის ასევე გუდაურის სასტუმრო.

,,წინასწარ, დაზუსტებული ინფორმაცია არ გვქონდა, ვიხსნებოდით თუ არა. ბოლო წუთამდე ველოდებოდით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას. თუმცა ის კითხვები, რომლებსაც დეპუტატები საჯაროდ უსვამდნენ დამტკიცების დროს ირაკლი ღარიბაშვილს, გვაფიქრებინებდა, რომ ამაზე გუნდში უკვე იყო მსჯელობა და გადაწყვეტილებაც არსებობდა. სხვაგვარად, ეს არ გახდებოდა პარლამენტის ტრიბუნიდან განხილვის თემა. იგივე საკითხები, რომლებიც მარიამ ქვრივიშვილმა დააყენა.

ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეიდან გავიხსნათ და არცერთი წუთი აღარ დავკარგოთ. ოფიციალურად გაიხსნება ბაკურიანი ინნ-ი და გუდაური ინნ-იც. გვესმის, რომ პირველივე დღიდან არ გვეყოლება სტუმრები, თუმცა 8 მარტამდე იმედი გვაქვს, რომ გვექნება მეტი ჯავშანი და გვეყოლება მეტი სტუმარი. რეალურად, უფრო მეტის მოლოდინი არ გვქონია. დახურვის შედეგ, საუბარია მუდმივად გადარჩენაზე. ახლა ვიხნსებით არა იმისათვის, რომ მოგება გვქონდეს, არამედ იმიტომ, რომ ხარჯები და ვალდებულებები გავისტუმროთ, თანამშრომლები დავაბრუნოთ. მერწმუნეთ, ძალიან ბევრი ხარჯი და ვალდებულება გვაქვს დაგროვილი.

თუ სახმელეთო საზღვარი არ გაიხსნა და ფრენები არ გახდა უფრო ინტენსიური, არავის აქვს ილუზია, რომ მარტში გვეყოლება ბევრი სტუმარი უცხოეთიდან, რომელიც ჩვენი ძირითადი სეგმენტი იყო. შესაბამისად, ახლა იქნება მუშაობა მხოლოდ გადარჩენისათვის.

ბოლო ერთი თვეა, კერძო სექტორი ღიად ვამბობთ, რომ თანახმა ვართ ნებისმიერი შეზღუდვის, ოღონდ ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, სულ არაფერს ეს ბევრად ჯობია. მთავარია გახსნის უფლება მოგვცეს“- განაცხადა კოკაიამ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

ცნობისთვის, Inn Group-ი 4 სასტუმროს მართავს, საიდანაც 2 სამთო კურორტებზეა. ჯგუფს აქვს „გუდაური ინნ“-ი და „ბაკურიანი ინნ“-ი. ორივე სასტუმრო დღეს იხსნება.

თამარ მუკბანიანი