„ამ გადაწყვეტილებით მოხდება ის რომ, უსაფრთხოება იქნება უფრო მაღალ დონეზე, მაგრამ ადამიანები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ შეძენილი ბინებით სარგებლობას“,- ასე ეხმაურება „იუნიქს ჯგუფის“ ხელმძღვანელი თბილსიის მერიის კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ექსპლუატაციაში მიღების გარეშე ახალ კორპუსებში დენითა და გაზით მომარაგება ვეღარ მოხდება.
როგორც ნიკა ჩერქეზიშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, შენობის ექპლუატაციაში მიღება არ არის ცალმხრივი პროცესი, მერიასთან შეთანხმებით ხდება, რაც დიდ ბიუროკრატიას უკავშირდება. მეტიც, პროცესი რამდენიმე წელიც კი გრძელდება.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ საკანონმდებლო პაკეტი მოამზადა, რომელიც სამშენებლო ამნისტიას შეეხება და გარკვეულ დარღვევებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს. ის, რომ შენობის დენითა და გაზით მომარაგება მხოლოდ შენობის ექპლუატაციის შემდეგ მოხდება, ამ ინიციატივის ერთ-ერთი ნაწილია.
„ამ გადაწყვეტილებით მოხდება ის რომ, უსაფრთხოება იქნება უფრო მაღალ დონეზე, მაგრამ ადამიანები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ შეძენილი ბინებით სარგებლობას. ნაწილი შესაძლოა, 3 წელიც კი ვერ შევიდეს ბინაში, ხოლო ნაწილმა საერთოდ თავი შეიკავოს შეძენისგან. იმიტომ, რომ ექსპლუატაციაში მიღება არ არის ცალმხრივი პროცესი. მერიასთან შეთანხმებით ხდება, ძალიან დიდი ბიუროკატია და შეფერხებებია ამასთან დაკავშირებით. ეს კი, დაკავშირებულია დროსთან და მატერიალურ რესურსთან.
თუ შენობის ექსპლუატაცია არ მოხდა, მივიღებთ იმას, რომ დენი და გაზი არ ექნება მომხმარებლებს, შესაბამისად, ვერ იცხოვრებენ. მეორეს მხრივ კი, კომპანიებისთვის წინასწარ ცნობილი არასდროს არის, შენობა როდის ჩაბარდება“,- ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.
მისივე თქმით, ამის პარალელურად, შემცირდება გაყიდვების მაჩვენებელიც.
„რა თქმა უნდა, ეს გაყიდვებსაც შეამცირებს. იმიტომ, რომ ადამიანების უმეტესობას სურს, შეიძინოს უკვე აშნებული და ექპლუატაციაში მიღებული ბინები. შესაბამისად, ახალ მშენებლობებზე ძალიან ნეგატიურად აისახება“,- ამბობს ნიკა ჩერქეზიშვილი.