ნათია თურნავა - ბიზნესისგან პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ

ახლა მთავარია, დადებითი მუხტი შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს. პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა რეგულაციების შემსუბუქებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შრომის ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, რათა რესტორნებს შიდა სივრცის გახსნისთვის მომზადებაში დაეხმაროს.

„დღეს შემსუბუქების პირველი დღეა. დღეიდან სასტუმროები გაიხსნა ზამთრის კურორტებზე. რა თქმა უნდა, ზოგიერთმა სასტუმრომ შეიძლება ამ მომენტისთვის მომზადება ვერ მოასწრო, მაგრამ უფლება აქვს ნებისმიერ დროს გაიხსნან. რაც შეეხება რესტორნებს, 8 მარტიდან შიდა სივრცეებიც გაიხსნება, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენც, შრომის ინსპექციაც ვმუშაობთ, რომ ეს დარგი გახსნისთვის მოამზადოს. საქალაქთაშორისო ტრანსპორტი დღეიდან გაიხსნა, რკინიგზაც ორ დღეში პრაქტიკულად განაახლებს მარშრუტებს, მომზადება დასჭირდება ორდღიანი. მთავარი ისაა, რომ ეს დადებითი მუხტი, დადებითი ტალღა შენარჩუნდეს და ეპიდვითარება არ გაგვიუარესდეს, ამიტომ ისევ და ისევ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მოვითხოვთ და ველოდებით ბიზნესისგან“, - განაცხადა თურნავამ.