ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, უახლოეს დღეებში ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV Petrol-ს შორის შავ ზღვაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდება.
როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, „ფაქტი, რომ ასეთი დიდი ჯგუფი პანდემიის მიუხედავად საქართველოში შემოდის, მეტყველებს, რომ საქართველოს საინვესტიციო კლიმატი იმდენად მდგრადია გარე შოკების მიმართ, რომ პანდემიამაც ვერაფერი დააკლო“.
„მთავრობამ განიხილა და მოიწონა პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება, რომელიც დაიდება ნავთობისა და გაზის სააგენტოსა და შავი ზღვის შელფზე ნავთობის და გაზის მომპოვებელ კომპანია OMV Petrol-ს შორის. კომპანია OMV Petrol-მა გაიმარჯვა შავ ზღვაზე ნავთობის ძებნა-ძიების და მოპოვების ტენდერში 2020 წლის ზაფხულს, ეს იყო პანდემიის შუა პერიოდი, მაგრამ მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ამ ტენდერში მსხვილმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და სურვილი გამოხატა საქართველოში საქმიანობის, ნავთობის და გაზის მოპოვების სფეროში და დღეს მთავრობამ მოიწონა ხელშეკრულება, რომელიც რამდენიმე დღეში დაიდება“,- განაცხადა თურნავამ.