აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის აზრით, რეგიონში ზაფხულისთვის ეპიდსიტუაციის კუთხით „იმ პოზიციაზე ვიქნებით, რომ ტურისტებს ვუმასპინძლოთ“.
რიჟვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რა შეზღუდვები შემსუბუქდა აჭარაში, თუმცა აღნიშნა, რომ დღეისთვის შეზღუდვები სარიტუალო წვეულებების ნაწილში რჩება.
„შემსუბუქება პირველ რიგში, აჭარის რეგიონს ეხება, ვინაიდან ბოლო კვირების განმავლობაში საკმაოდ სტაბილური ეპიდვითარება გვქონდა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, როგორც მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის, ასევე, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენის ნაწილში. ასევე, სკოლამდელი დაწესებულებები ფუნქციონირებას მარტიდან დაიწყებენ. ამასთან, რესტორნები შეძლებენ სტუმრების მიღებას დახურულ სივრცეებში. მარტის თვეში ეპიდვითარებას დავაკვირდებით, რომ მოახლოებული ზაფხულის სეზონი, ის ტურისტული სეზონი, რაც აჭარას გააჩნია, იქნას რეალიზებული. პარალელურად მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა და ამ ყველაფერში საზოგადოების და მოქალაქეების ჩართულობა.
შეზღუდვები გაგრძელდება სარიტუალო ღონისძიებებთან დაკავშირებით. მოქალაქეებს ვთხოვთ, რომ ეს სტაბილური ეპიდვითარება შევინარჩუნოთ. მივცეთ შესაძლებლობა ეკონომიკური და საზოგადოებრივი აქტივობების აღდგენას. აღდგენის ღონისძიებები სახეზეა. ზაფხულისთვის იმ პოზიციაზე ვიქნებით, რომ ტურისტებს ვუმასპინძლოთ“,- განაცხადა რიჟვაძემ.