მსოფლიოში ვისკის ყველაზე დიდი კოლექცია 9,4 მილიონ დოლარად გაიყიდა

60 წლის უიშვიათესი შოტლანდიური ვისკი Macallan ონლაინ-აუქციონზე, რომელიც სააუქციონო სახლმა Whisky Auctioneer მოაწყო, 1 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაიყიდა. ამის შესახებ ბრიტანული Sky News გვამცნობს.

ეს რარიტეტი იყო ნაწილი მსოფლიოში უმსხვილესი კერძო კოლექციის (3,9 ათასი ბოთლი), რომელსაც 20 წელი აგროვებდა ამერიკელი ბიზნესმენი რიჩარდ გუდინგი. მის კოლექციაში შედის ისეთი იშვიათი ბრენდის ვისკები, როგორიცაა: Bowmore და Springbank, ასევე Stromness და Dallas Dhu. მათი გამოცემა უკვე შეწყვეტილია და ყველა მათგანი გუდინგის ოჯახმა აუქციონზე გამოიტანა გასაყიდად. თავად ბიზნესმენი 2014 წელს გარდაიცვალა.

კოლექციის ნახევარი 1,9 ათასი ბოთლი 2020 წლის თებერვალში გაიყიდა 3,29 მილიონ გირვანქად (4,6 მლნ აშშ დოლარი). ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოს 56 ქვეყნის 1642-მა კოლექციონერმა. განსაკუთრებული ყურადღება ინვესტორების მხრიდან გამოვლინდა 60-წლიანი Macallan-ის მიმართ, რომელსაც გამორჩეული ეტიკეტიც ჰქონდა. ამ ეტიკეტზე იტალიელმა პოპ-არტის მხატვარმა ვალერიო ადამიმ იმუშავა. ეს ბოთლი 825 ათას გირვანქად (1,16 მილიონ დოლარად) გაიყიდა.

კოლექციის მეორე ნაწილის აუქციონი კი გასული წლის აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა მხოლოდ ახლა გაიმართა და მასზე 3,4 მილიონი გირვანქა (4,8 მლნ აშშ დოლარი) ივაჭრეს. ამ შემთხვევაში აუქციონში ჩართული იყო 1557 კოლექციონერი 54 ქვეყნიდან.

გუდინგი, რომელიც თავის დროზე მართავდა ამერიკის უმსხვილეს უალკოჰოლო სასმელების დისტრიბუციის ქსელს, თავად პერსონალურად არაერთხელ ჩასულა შოტლანდიაში იშვიათი სასმისების შესაძენად. ის ცდილობდა შეეგროვებინა ყველა ბრენდის ვისკი, რომლებიც იწარმოებოდა შოტლანდიაში.

კოკა კვირკველია