4 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - რესტორნებს შესაძლოა რეგულაციები გაუმკაცრდეს

რესტორნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შიდა სივრცეში სტუმრების მიღება უკვე 8 მარტიდან, ხოლო ბათუმში 1-ლი მარტიდან შეეძლება. ამის შესახებ გუშინ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი.

თუმცა, როგორც რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა შოთა ბურჯანაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, რესტორნებს შესაძლოა დამატებითი რეგულაციები დაუწესდეთ და ასე მოუხდეთ მუშაობის განახლება.

„ჩვენ არ უნდა დავრქვათ ამ საკითხს, რომ რესტორნები გაიხსნა, რესტორნებს მიეცათ დამატებითი შესაძლებლობა ფუნქციონირების, მაგრამ სრულყოფილ ფუნქციონირებამდე ძალიან შორსა ვართ. ამასთან, დამატებითი რეგულაციები იქნება შემუშავებული, რომელიც არსებულ წესებს და მოთხოვნებს კიდევ უფრო შეზღუდავს. ეს ახალი/დამატებითი რეგულაციები არ გამოქვეყნებულა და არის მუშაობის პროცესში. მაგალითად, საუბარია, რომ თუ აქამდე შიდა სივრცეში მაგიდასთან 6 ადამიანის ერთად დასხდომა იყო შესაძლებელი, მომავალში დასაშვები იქნება 4 ადამიანი, თუ აქამდე კვადრატულობა იყო 2,5 ერთ ადამიანზე, ეს გაიზრდება და შესაბამისად, სარესტორნო სივრცეში ერთდროულად მყოფი ადამიანების რაოდენობა შემცირდება, ასევე რესტორნებში, სადაც დიდი რაოდენობის ადამიანების მიღება არის შესაძლებელი, ზედა ზღვარი დაწესდება და მთლიანი კვადრატულობის მიუხედავად, კონკრეტული რაოდენობის ზემოთ ადამიანებს ვეღარ მიიღებენ,“-განაცხადა ბურჯანაძემ.

თაია არდოტელი