Petrobras-ის მოგება 82%-ით შემცირდა

ბრაზილიური სახელმწიფო ნავთობკომპანია Petrobras-ის სუფთა მოგებამ 2020 წელს 7,1 მილიარდი რეალი (1,3 მლრდ აშშ დოლარი) შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

მისივე ანგარიშის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 82%-ით ნაკლებია 2019 წლის ფინანსურ მაჩვენებელზე, როცა Petrobras-მა 9,2 მილიარდი დოლარის სუფთა მოგება ნახა. ამ ტიპის ვარდნას მოგებაში კომპანია ხსნის Brent მარკის ნავთობის 35%-ით გაიაფებით. ასევე მიზეზად ასახელებს მისი შვილობილი კომპანიების მხრიდან შემოსავლების კლებასა და ბრაზილიის ეროვნული ვალუტის 31%-იან გაუფასურებას.

ამასთან, კომპანიის სუფთა ვალი შემცირებულია 15,7 მილიარდით 63,1 მილიარდ დოლარამდე. ამ ფონზე კი მიღებულია გადაწყვეტილება, კომპანიის აქციონერებს გადაუხადონ დივიდენდები 1,9 მილიარდი დოლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპანიის მიერ ნედლი ნავთობის მოპოვება იზრდებოდა და დაფიქსირდა რეკორდული 2,84 მლნ ბარელი დღე-ღამეში, მაშინ როცა მის გლობალურ კონკურენტებს მოპოვება უმცირდებოდათ.

კოკა კვირკველია