„სამთო კურორტების გახსნის გადაწყვეტილება დაგვიანებულია და საქმის ცოდნასთან და პროფესიონალიზმთან არ არის დაკავშირებული“, - ასე ეხმაურება რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ "ტრეფიკ თრეველის" მმართველი პარტნიორი ცოტნე ჯაფარიძე პრემიერის განცხადებას, რომლითაც უკვე დღეიდან სამთო კურორტებზე სასტუმროებს მუშაობის უფლება მიეცათ.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულია, თითქოს უფრო რომ მორიგი სატყუარა გადმოაგდეს. გუდაურის მაგალითი რომ ავიღოთ, სასტუმროებმა რომლებიც უკვე 2 სეზონია დაკეტილია, გაშვებული ყავთ თანამშრომლები, ახლა უნდა გასწიონ საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარჯი საქმიანობის აღდგენისთვის, ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, როცა მაქსიმუმ 1 თვეა დარჩენილი, უცხოელი სტუმრების ჩამოსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, იმიტომ რომ ასე ბოლო მომენტში არავინ დაგეგმავს ჩამოსვლას და მხოლოდ ერთეული დამსვენებლები თუ ჩამოვლენ.
ერთადერთი დადებითი რაც აქვს საბაგიროების გახსნას, ისაა, რომ უბრალოდ ვისწავლოთ კურორტის მართვა „კოვიდის“ პირობებში, რადგან ვირუსი არსად წავა. სხვა მხრივ კურორტზე მდებარე სასტუმროსთვის, რესტორნისთვის ან იქ არსებული ნებისმიერი ადამიანისთვის ვინც რამე საქმიანობაშია ჩართული, ფინანსურად ეს მომგებიანი ვერ იქნება. გუდაური არის კურორტი, რომელიც წელიწადში დაახლოებით 100 დღე მუშაობს და რაც უკვე დაკარგა გუდაურმა, ამის უკან დაბრუნება წარმოუდგენელია. შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებულ რომელიმე ბიზნესს შეზღუდვების ეს შემსუბუქება ფინანსური კუთხით შვებას მოუტანს. მეტიც, თითქმის 100%-ით ვარ დარწმუნებული, ყველა იმ ეკონომიკური უბედურების ფონზე რა პირობებშიც ვართ, გუდაურის შემთხვევაში იქ არსებული სასტუმროების დიდი ნაწილი საერთოდ არ გაიხსნება და ამ ხარჯის გაწევას თავს აარიდებენ,“-აღნიშნა ჯაფარიძემ.