ელექტრონული კომერცია რიცხვებში - სად უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ნივთებს ონლაინ

ელექტრონული კომერციის ზრდის წყალობით, თუნდაც შეზღუდული კაპიტალით, დღეს ადვილია ბიზნესის დაწყება. მომხმარებლები სულ უფრო მეტად ენდობიან ონლაინ შოპინგს - სავარაუდოდ, 2040 წლისთვის საცალო ვაჭრობის 95% მთლიანად ონლაინ რეჟიმში განხორციელდება. E-commerce უამრავ მეწარმეს ახალი შესაძლებლობების კარს უხსნის.

ელექტრონული კომერციის შესაძლებლობები სწრაფად იზრდება. 2017 წელს, მსოფლიოს მასტაბით ელექტრონულ გაყიდვებზე მოდიოდა 2.3 ტრილიონი დოლარი, 2021 წლისთვის თანხა თითქმის გაორმაგდა და 4.5 ტრილიონი დოლარი შეადგინა. მხოლოდ აშშ-ში, ონლაინ ვაჭრობა საცალო გაყიდვების უკვე 10% -ს შეადგენს და სავარაუდოდ მაჩვეებელი კიდევ გაიზრდება.

2020 წელს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა 72% ონლაინ ვაჭრობით სარგებლობდა. მყიდველების 46% 2020 წლის ბოლო 3 თვის განმავლობაში ერთჯერადად შესყიდვებზე 100-დან 500 ევრომდე ხარჯავდა.

სტატისტიკური მონაცემებით, ონლაინ შოპინგში მამაკაცები 28% -ით მეტს ხარჯავენ, ვიდრე ქალები.

საიტერესოა ის ფაქტიც, რომ ონლაინ შოპინგის მომხმარებელთათვის პრიორიტეტული აღმოჩნდა კომფორტი შეძენის დროს. ონლაინ მყიდველთა 43% აცხადებს, რომ ყიდულობს საწოლში ყოფნის დროს, 23% ოფისში ყოფნის დროს და 20% აბაზანაში ან მანქანაში ყოფნის დროს. მომხმარებელთა 10% აცხადებს, რომ ონლაინ ვაჭრობის დროს, ძვირად ღირებული ნივთები ალკოჰოლის ზემოქმედების დროს შეიძინეს. მომხმარებელთა ქცევის კვლევისას აღმოჩნდა, რომ მყიდველთა უმეტესი ნაწილი იწყებს ერთი კონკრეტული, სასურველი ნივთის თვალიერებას, მაგრამ საბოლოო ჯამში ყიდულობს მსგავსს, მაგრამ სხვა ნივთს.

ელექტრონული კომერციის ბაზრის წილი

შეერთებულ შტატებს ხშირად მიიჩნევენ, როგორც ელექტრონული კომერციის უდიდეს ბაზარს, მაგრამ ეს ასე არ არის. იგი შედის მსოფლიოში ყველაზე დიდი 10 ელექტრონული კომერციის ბაზრების ჩამონათვალში, თუმცა პირველი ადგილი ჩინეთს უკავია 672 მილიარდი დოლარით.

  • აშშ: 340 მილიარდი დოლარი
  • გაერთიანებული სამეფო: 99 მილიარდი დოლარი
  • იაპონია: 79 მილიარდი დოლარი
  • გერმანია: 73 მილიარდი დოლარი
  • საფრანგეთი: 43 მილიარდი დოლარი
  • სამხრეთ კორეა: 37 მილიარდი დოლარი
  • კანადა: 30 მილიარდი დოლარი
  • რუსეთი: 20 მილიარდი დოლარი
  • ბრაზილია: 19 მილიარდი დოლარი

ელექტრონული კომერცია 2010-2020 წლებში გაიზარდა ყველა ასაკობრივ ჯგუფში, ყველაზე დიდი ზრდა 16-24 წლის პირებში დაფიქსირდა. ათიდან რვა ინტერნეტის მომხმარებელმა ნიდერლანდებში (91%), დანიაში (90%), გერმანიაში (87%), შვედეთში (86%) და ირლანდიაში (81%) ინტერნეტში შეიძინეს ან შეუკვეთეს საქონელი ან მომსახურება. 50% -ზე ნაკლებს ყიდულობდნენ ინტერნეტით ბულგარეთში (42%) და რუმინეთში (45%). 2015-2020 წლებში ყველაზე დიდი ზრდა (20 პროცენტული პუნქტით ან მეტი) დაფიქსირდა რუმინეთში, ჩეხეთში, ხორვატიაში, უნგრეთში, სლოვენიაში, ლიტვაში და კვიპროსში.

Nielsen- ის გლობალური კავშირის კომერციის ანგარიში ქვეყნების მიხედვით ყველაზე მომგებიანი ინდუსტრიების მონაცემებს აქვეყნებს. სამხრეთ კორეაში ყველაზე მეტი თანხა ელექტრონული ვაჭრობისას მოდაში იხარჯება - 77%, თავის მოვლის პროდუქტებში 66%, არასასურსათო საოჯახო საქონელს ონლაინ მოსახლეობის 52% ყიდულობს, შეფუთულ სასურსათო საკვებს 51%, ხოლო ახალ სურსათს 37%.

საკანცელარიო ნივთების ონლაინ სივრცეში გაყიდვებით 79% -ით იაპონია ლიდერობს.

ევროპის ქვეყნებში ინტერნეტ ვაჭრობის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციაა ტანსაცმელი (სპორტული ტანსაცმლის ჩათვლით), ფეხსაცმელი და აქსესუარები - 64%. ასევე ევროპაში ინტერნეტს იყენებენ რესტორნებიდან მიწოდების სარგებლობისთვის, სწრაფი კვების ქსელების და კვების მომსახურებისთვის - 29 %, ავეჯი, სახლის აქსესუარები ან მებაღეობის პროდუქტები - 28%, კოსმეტიკა, სილამაზისა და ველნეს პროდუქტები - 27%, იმავე დონეზეა ბეჭდური წიგნები, ჟურნალები ან გაზეთები - 27%, კომპიუტერები, ტაბლეტები, მობილური ტელეფონები ან აქსესუარები - 26%.

მყიდველთა უმეტესი ნაწილისთვის საკრედიტო ბარათებით გადახდა ყველაზე სასურველი მეთოდია. საკრედიტო ბარათებით გადახდის სისტემა გამოიყენება ოპერაციების 53%-ში, შემდეგ მოდის ციფრული გადახდის სისტემები - 43% და სადებეტო ბარათები - 38%. ამასთან, ციფრული გადახდის სისტემები ყველაზე სასურველი მეთოდია ჩინეთსა და დასავლეთ ევროპაში, ხოლო ფულადი გზავნილების გადაცემის მეთოდი აღმოსავლეთ ევროპაში, აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში.

რაც შეეხება აშშ-ს ონლაინ შოპინგი, უფრო მეტ ამერიკელს ურჩევნია, ვიდრე ე.წ. ფიზიკური შოპინგი. მხოლოდ 2020 -2021 წელს ამერიკის მთელი მოსახლეობის 80% -მა ერთხელ მაინც ისარგებლა ონლაინ შესყიდვით.

ელექტრონული კომერციის სტრატეგიის შემუშავებისას ძალიან მნიშვნელოვანია მობილურ მოწყობილობებთან ადაპტაციის გადაწყვეტილება. eMarketer- ის მტკიცებით ელექტრონული კომერციის გაყიდვების 59% მობილურის საშუალებით განხორციელდა.

ელექტრონული კომერციის რიგი ტენდენციები 2019-2020 წელს შეიცვალა და ეს ყველაფერი 2021 წელსაც გაგრძელდება. მომხმარებელთა დიდი ნაწილი ონლაინ შოპინგის დროს სარგებლობდა ჩეთბოტებით, ხმოვანი ასისტენტებით, სოციალური მედიის მენეჯერთან ურთიერთობით, ყველგანმავალი მარკეტით და ა.შ.

(წყარო: Eurostat; kinsta.com)

თეონა რამაზაშვილი