ვიდეო კონფერენციის ფორმატში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამდებობის პირთა საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ.
„თავის გამოსვლაში, დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ 2020 წელი სახელმწიფოსთვის მრავალი უპრეცენდენტო გამოწვევის მომტანი აღმოჩნდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს უჩვეულო რეჟიმში მოუწია მუშაობა და ფრიად საპასუხისმგებლო როლის შესრულება პანდემიით გამოწვეული კრიზისის დაძლევის პროცესში. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გამორჩეული აღნიშვნისა და მაღალი შეფასების ღირსია ის თავდაუზოგავი შრომა, რომელიც საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირებმა, საზღვარგარეთ მყოფი თანამოქალაქეების დახმარების კუთხით გასწიეს“,- აღნიშნავენ უწყებაში.
მინისტრის თქმით, გლობალურმა პანდემიამ, უშუალოდ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეების გარდა, მოიტანა არნახული შეზღუდვები, ისეთები, როგორებიცაა სხვადასხვა მასშტაბის საგანგებო მდგომარეობები, ჩაკეტილი საზღვრები, საკარანტინო პროცედურები, სამართლებრივი, ეკონომიკური და ჰუმანიტარული ხასიათის პრობლემები.
როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული შეზღუდვების ფონზე, გართულდა და ხშირ შემთხვევაში, შესაძლებლობების ზღვარს მიუახლოვდა საკონსულო თანამდებობის პირების მიერ ყოველდღიური ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, მოქალაქეების ეფექტიანი მომსახურება, მათთან კომუნიკაცია, ინფორმირებულობის უზრუნველყოფა და ადგილზე დახმარების აღმოჩენა.
„მიუხედავად წარმოუდგენელი სირთულეებისა, თქვენი პროფესიონალიზმის, თავდადების, საქმისადმი ერთგულების წყალობით ადგილზე დახმარება გაეწია 23 ათასზე მეტ მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში დაბრუნდა 25 ათასზე მეტი მოქალაქე. თქვენს მოვალეობებს ასრულებდით დაუღალავად, ხშირად საკუთარი ფიზიკური ჯანმრთელობის რისკის ფასად და ყველა ხელმისაწვდომი ბერკეტის გამოყენებით.
მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი საქმიანობა არის სათანადოდ დანახული და დაფასებული. კორონავირუსის გავრცელებისთანავე საგარეო საქმეთა სამინისტროს დაეკისრა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ადგილზე დახმარებოდა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებს და ორგანიზება გაეწია სამშობლოში მათი უსაფრთხოდ დაბრუნებისათვის. ვთვლი, რომ ჩვენმა უწყებამ, მთელმა ჩვენმა გუნდმა, წარმატებით გაართვა თავი ამ დავალებას, რაც პირველ რიგში, სწორედ თქვენი დამსახურებაა“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისასალმებელ სიტყვაში დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერი შემდგარი და დემოკრატიული სახელმწიფოს, მთავარი მოვალეობა თავის მოქალაქეებზე ზრუნვაა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მის ფარგლებს გარეთ.
„ამასთან, ქვეყნის საერთაშირისო იმიჯი დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ეფექტურად შეუძლია სახელმწიფოს დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ინტერესები საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე, საგარეო უწყების საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად და მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი მოქალაქეების კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვა, ვინაიდან, საგარეო საქმეთა სამინისტრო არის საქართველოს ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომლის მეშვეობითაც ხდება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის დახმარების გაწევა, საკონსულო დეპარტამენტის და საზღვარგარეთ საკონსულო სამსახურების საქმიანობა და მათი გამართული ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”, -აღნიშნა მინისტრმა.
დავით ზალკალიანის თქმით, უწყების მიზანია, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს ყველა მოქალაქემ, გარკვეულ შემთხვევებში კი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმაც ისარგებლონ მაღალი ხარისხის საკონსულო მომსახურებით.
„ჩვენი მიზანია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს ყველა მოქალაქემ, გარკვეულ შემთხვევებში კი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმაც ისარგებლონ მაღალი ხარისხის საკონსულო მომსახურებით. ეს უკანასკნელი არ არის სტატიკური ცნება და საკუთარ თავში მოიაზრებს შემდგომი სრულყოფის, განვითარების და დახვეწის პერსპექტივებს, როგორც დღეს არსებული საჭიროებების, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ. სწორედ განვითარების პერსპექტივების დანახვას ემსახურება დღევანდელი შეხვედრა“ , - აღნიშნა სიტყვის დასასრულს ვიცე-პრემიერმა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ვიდეო კონფერენციის ფარგლებში, სადისკუსიო პანელებზე განიხილება საკონსულო საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის: კრიზისების მართვა: დაგროვილი გამოცდილება და ახალი გამოწვევები; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ საზღვარგარეთ კრიზისულ სიტუაციებში მოქმედების წესი; კრიზისების მართვის პროცესში დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობა; კრიზისების მართვის პროცესში საპატიო კონსულების ჩართულობის არეალი და გზები; არსებული საფრთხეები და ახალი გამოწვევები; საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და საკონსულო ურთიერთობების გაღრმავება; საკონსულო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.