კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომელიც მიმართულია ვირუსის გავრცელების შემცირებასა და პრევენციაზე, ქვეყანაში ჯერ ისევ აქტუალურ საკითხად რჩება.
კრიტიკული მეორე ტალღის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად მსუბუქდება, თუმცა ჯერჯერობით თბილისელებისთვის მტკივნეულ თემად აღიქმება 9 საათის შემდგომ გადაადგილების შეზღუდვა, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის დასვენების დღეებში გაუქმების საკითხი და სასწავლო დაწესებულებების ონლაინ რეჟიმზე გადასვლა.
აღნიშნულ საკითხზე „ეისითიმ“ კვლევა ჩაატარა, რომლის არეალიც დედაქალაქში მაცხოვრებლებით შემოიფარგლა. გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის გზით 414 ზრდასრულ თბილისის მოსახლეს შორის, 2021 წლის 16-18 თებერვალს. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება საშუალოდ არ აღემატება 4.9%-ს.
კვლევის შედეგად დგინდება, რომ თბილისელების შეფასებით, მთავრობა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვისას არ არის ბოლომდე ეფექტური, განსაკუთრებით კრიტიკულები არიან თბილისში მცხოვრები 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდები, მათი შეფასებით მთავრობის ეფექტურობა 10 ქულიან შკალაზე 5.25-ია. ამასთან, აღნიშნული თაობის წარმომადგენლებიდან ყოველი მეორე (51%) მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებული ზომები ეპიდსიტუაციის სიმწვავესთან შედარებით ზედმეტად მკაცრია.
ასაკის მატებასთან ერთად მთავრობის მიერ სიტუაციის მართვის ეფექტურობის შეფასებისას მოქალაქეების ლოიალურობაც იზრდება, 55+ ასაკის თბილისელები მიიჩნევენ, რომ მთავრობა მეტად ეფექტურად მართავს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას (6.12) და მთავრობის მიერ მიღებული ზომები ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისია. საერთო ჯამში დედაქალაქის მაცხოვრებელთა მიერ მთავრობის ეფექტურობა შკალაზე 5.75 ქულით შეფასდა, ხოლო სიმკაცრის ქულის განაწილებისას საზოგადოების აზრი ორად იყოფა, გამოკითხულთა თითქმის ნახევარს (45%) მიაჩნია, რომ გატარებული ღონისძიებები შესაბამისია, ხოლო მცირედი განსხვავებით მეორე ნაწილი (43%) ფიქრობს, რომ სიმწვავესთან შედარებით ზედმეტად მკაცრია. აღნიშნული შეფასება არ ემთხვევა ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული კოვიდ-19-ის წინააღმდეგ მთავრობის რეაგირების სიმკაცრის ინდექსის ვიზუალურ რუკაზე საქართველოს მონაცემებს, სადაც ქვეყანა 100 ქულიან სკალაზე დღეის მდგომარეობით სიმკაცრის მეორე საფეხურზე იმყოფება (75-85).
კვლევაში საუბარია, იმაზეც თუ რა არის თბილისელების შეფასებით პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვა და რომელი მათგანია მათთვის ყველაზე რთული ასატანი.
გამოკითხული თბილისელების წარმოდგენით პანდემიასთან გამკლავებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვების სამეული ასე გამოიყურება:
აღნიშნული სურათი განსხვავდება თაობების ჭრილში – 35-დან 55 წლამდე ასაკის წარმომადგენლებისთვის ამ სამეულში კვების ობიექტებში სტუმრობის შეზღუდვა კომენდანტის საათით ნაცვლდება, ამასთან 55+ თბილისელებისთვის აღნიშნული შეზღუდვა სხვებთან შედარებით უფრო მარტივი ასატანი აღმოჩნდა, ხოლო ყველაზე მტკივნეული (6.06) დაწესებული შეზღუდვებიდან მათთვის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებაა.
34-დან 55 წლამდე მოსახლეობა რთულად ეგუება სკოლამდელი, სასკოლო და საუნივერსიტეტო დაწესებულებების დახურვას და ონლაინ რეჟიმზე გადასვლას, რადგანაც ლოგიკურად აღნიშნულ თაობაში ჭარბია მშობლების რაოდენობა, რომელთაც ამ შეზღუდვასთან გამკლავება პირადად მოუწიათ. ეს თაობა ასევე განიცდის საერთაშორისო ფრენების შეზღუდვას, რაც ასევე აქტიური მოგზაურობით აიხსნება. მთავრობის მიერ გატარებული ქმედებებიდან პანდემიასთან გამკლავებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად კი, მილენიალები სოციალიზაციასთან ასოცირებულ შეზღუდვებს ასახელებენ, როგორიცაა გასართობ-კულტურული ღონისძიებების აკრძალვა, საერთაშორისო ფრენების და ადგილობრივად კვების ობიექტებში სტუმრობის შეზღუდვა.
კვლევა ცხადყოფს, რომ ახალგაზრდობა ეთანხმება მშობლების თაობას სასწავლო პროცესის ჩვეულ რეჟიმში ჩატარების შეზღუდვასთან დაკავშირებით და ასევე რთულად გადააქვს კომენდანტის საათის დაწესება, რაც ამ თაობაში აქტიური ღამის ცხოვრებას უკავშირდება. ამასთან 18-დან 34 წლამდე ახალგაზრდები აღნიშნულ შეზღუდვას აფასებენ როგორც ნაკლები მნიშვნელობის მქონეს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში, ისევე როგორც საქალაქთაშორისო ტრანსპორტის და ზამთარში მთის კურორტებზე დაწესებულ შეზღუდვებს, აღნიშნული შეფასება ცხადყოფს, რომ ახალგაზრდები დასახელებულ სამ შეზღუდვას აუცილებლობად არ თვლიან და მათი გაუქმების მაღალი მოლოდინი აქვთ. მათი აზრით, პანდემიასთან გამკლავების აქტიურ ფაზაში მნიშვნელოვანია შეზღუდვები შეეხოს გასართობ და კულტურულ ღონისძიებებზე დასწრებას, საერთაშორისო ფრენებს და სასწავლო დაწესებულებებს.