ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც რეგულარულად საქართველოში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების საპასუხოდ, ონლაინ სესიებს მართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციიდან (FAO) აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ჯგუფის მიზანია, ხელი შეუწყოს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მთავრობისთვის გასცეს რეკომენდაციები გარემოს დამზოგავი მეთოდების საველე სამუშაოებში ინტეგრირებისა და სოფლის მეურნეობით გამოწვეული სასათბურე გაზების შემცირების შესახებ.
როგორც FAO-ში აღნიშნავენ, სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, შეხვედრებს რეგულარულად გამართავს და პერიოდულად მოიწვევს არასამთავრობო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
მათივე განმარტებით, სამუშაო სესია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.
„კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. საქართველოს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, გარკვეული ვალდებულებები აქვს, გაეროს ჩარჩო კონვენციისა და პარიზის შეთანხმების ფარგლებში. ჩვენ, სამინისტროში, წლებია ვმუშაობთ შემოთავაზებულ გეგმაზე და მივესალმებით სამუშაო ჯგუფის მონაწილეობას ამ პროცესში“, - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
FAO-ს ცნობით, შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა „2021-2023 წლების კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის“ სოფლის მეურნეობის ნაწილი მიმოიხილეს.
„დისკუსია გაიმართა მიზნებისა დ ამოცანების შესახებ, დაიგეგმა სამომავლო ნაბიჯები და ღონისძიებები. მონაწილეები შეხვედრების შემდგომ განრიგზე შეთანხმდნენ, რათა მოხდეს სამუშაო ჯგუფის მიერ 2020 წელს გაწერილი გეგმის შესრულება.
სამუშაო ჯგუფი მიზნად ისახავს გზამკვლევის შექმნას, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს საქართველოში კლიმატის მიმართულებით გასატარებელი პოლიტიკის შესახებ, რისთვისაც მოხდება კლიმატის ცვლილებაში სოფლის მეურნეობის წვლილის შეფასება, შესაძლო გამოსავლების განხილვა და დროში გაწერა. FAO-ს განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს, ხელი შეუწყოს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მეთოდების დანერგვას საქართველოში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
FAO-ს ცნობით, ამ მეთოდების დემონსტრირებას ორგანიზაცია უკვე რამდენიმე წელია მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს.
„საქართველოს რეგიონებში ევროკავშირმა და FAO-მ რამდენიმე სადემონსტრაციო ნაკვეთი მოაწყო, სადაც გამოიყენება კლიმატგონივრულ, კონსერვაციული სოფლის მეურნეობის ისეთ მეთოდებს, როგორიცაა, მაგალითად, ნიადაგის ნულოვანი ან მინიმალური დამუშავება. სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დამკვიდრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალური ბრძოლის მხარდასაჭერად. ეს მეთოდები ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობის გასაუმჯობესებლად, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შესამცირებლად და მექანიზაციაზე ფერმერთა დანახარჯების შესამცირებლად”, - განაცხადა FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა ხავიერ სანს ალვარესმა.
2016 წლიდან FAO მხარს უჭერს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში.
„ორგანიზაციამ ENPARD–ის ფარგლებში მოამზადა რიგი რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის პოლიტიკისათვის. შეთანხმებისამებრ, ეს რეკომენდაციები სამუშაო ჯგუფისათვის წარმოადგენს ამოსავალ წერტილს და იგი მორგებული იქნება სექტორში არსებულ ახალ გამოწვევებთან. სამუშაო ჯგუფის სესიების შედეგები შევა კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმის სოფლის მეურნეობის თავში და შესაბამისობაში იქნება „გაეროს კლიმატის ცვლილების სამოქმედო გეგმასთან“, რომლის მიხედვით, 2030 წლისთვის სასათბურე გაზების 45%-იანი შემცირებაა გათვალისწინებული. ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტია 234.5 მილიონი ევრო. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება. მეტი ინფორმაცია ENPARD–ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ – გვერდზე: www.enpard.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.