თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ პარლამენტს „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი წარუდგინა. რას მოიცავს კანონპროექტი და რამდენად გააჯანსაღებს დედაქალაქის სამშენებლო კლიმატს „ბიზნესპრესნიუსთან“ სამართლის დოქტორმა და სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული ამნისტია არ არის სფეროსთვის პირველი და სწორედ მსგავსი პრეცედენტები უჩენს კერძო სექტორს განცდას, რომ რომელიმე არჩვენების წინ, დარღვევები აუცილებლად ეპატიებათ.
,,პირველ რიგში, ჩვენს ქვეყანას საკმაოდ მდიდარი გამოცდილება დაუგროვდა სამშენებლო ამნისტიების კუთხით. ბევრჯერ ყოფილა მსგავსი პრეცედენტი, იგივე ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების დასრულების წახალისების კუთხით. აქ მთავარია, რომ ექსპლუატაციაში მიუღებლობა არ გავიგოთ, როგორც რამე დოკუმენტის არ არსებობა. ეს გულისხმობს, რომ დარღვეულია მშენებლობისა და უსაფრთხოების წესები, გადაჭარბებულია სამშენებლო კოეფიციენტები და ა.შ. ის, რაც ერთ წინადადებაში ექცევა, როგორც ექსპლუატაციაში მიუღებლობა ნიშნავს აი ამდენ და კიდევ მეტი დარღვევებით არსებულ ობიექტებს.
რაღაც პერიოდულობით, ამ ტიპის ამნისტიის გამოცხადება წახალისებაა, რომ სახელმწიფო აუცილებლად აპატიებს მათ ყველა დარღვევას. ყველა სამშენებლო ფიგურანტს აქვს ეს მოლოდინი, რომელიც ძირითადად სხვადასხვა არჩევნების წინ მართლდება. შესაბამისად, მიმართულია არა სამშენებლო ხარისხის გაუმჯობესებაზე, არამედ აქტივების მიღებაზე პოლიტიკური ან სხვა ნიშნით.
პრობლემის გადაჭრა რომ ამნისტია არ არის, ამას მოწმობს, სექტორში მინიმუმ ბოლო 15 წლის ამნისტიები. ეს დაიწყო 2007 წლიდან ,,რაც შენია შენია“ პროექტით. ამას მოჰყვა სხვადასხვა ტიპის ე.წ. პატიებები. სამშენებლო ამნისტიებით ბიზნესს ეუბნები, რომ რაც უნდა დაარღვიო, 3-4 წელიწადში ერთხელ რამეს მოგიფიქრებ და გიშველი. ეს საკითხი იმგვარად პიარდება, რომ ეს არის ერთჯერადი უპრეცენდენტო და ა.შ. რასაც არ აქვს საერთოდ კავშირი შინაარსთან. პრეცენდენტებიც არსებობს და არც არავითარ კავშირშია მდგრადობასა და ხარისხის გაუმჯობესებასთან“, - განაცხადა ზაქაშვილმა.
მისივე თქმით, სახელმწიფო ამნისტიით პასუხისმგებლობის ტვირთსაც მოიხსნის და კერძო ექსპერტებზე გადაიტანს.
,,ზემოთ აღნიშნული მიზეზებიც გამო შენობა, რომელიც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, სახელმწიფო აპატიებს ყველა კრიტერიუმის დარღვევას კონკრეტული ექსპერტის დასკვნის საფუძველზე. საქმე კი ის გახლავთ, ვინ არიან და ვის მიერ არიან აღიარებული ეს საექსპერტო ბიუროები? ისინი არ გადიან არავითარ კონტროლს და 200-დან 500-ლარის ფარგლებში მზად არიან ხელი მოაწერონ ნებისმიერ დოკუმენტს. გეოლოგიურ დასკვნებზე, ჟურნალისტმა ემა ტუხიაშვილმა გააკეთა ეს ტესტი და უპრობლემოდ იპოვა ე.წ. ექსპერტი, რომელიც ამ დასკვნას თანხის სანაცვლოდ მისცემდა. ასეა ახლაც და ასეა ამ საკითხთან დაკავშირებითაც. სახელმწიფო გადაიტანს ექსპერტების კისერზე ამ პასუხისმგებლობას. ახლა სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, კერძოდ, მუნიციპალიტეტების. ამ ამნისტიით ეს პასუხისმგებლობა ჩამოეხსნებათ, პლიუს მოიგებენ დეველოპერების გულს.
რაც შეეხება თავად ასეთ კორპუსებში მცხოვრებებს, მათთვის ერთადერთი შეღავათი იქნება ის, რომ სანამ შენობა ნაგებობის სტატუსი არის მშენებარე, მათ არ აქვთ გამგეობის და მერიის გარკვეულ შეღავათებზე წვდომა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ კანონით. ეს შეიცვლება მათთვის და საბიუჯეტო სახსრებზე წვდომა მიეცემათ“, - განაცხადა მან.
ახალი პროექტის კიდევ ერთი ნაწილი, ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობებისთვის გაზის, დენის და სხვა კომუნიკაციების წვდომის შეზღუდვა სამშენებლო სამართლის სპეციალისტისათვის მისაღებია და იმედოვნებს, რომ ეს ინიციატივა კანონად იქცევა.
,,ამ პუნქტისგან დამოუკიდებლად, ახალი ინიცირებული პროექტის პლიუსად ვთვლი იმას, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ, კომუნიკაციების შეყვანა აღარ მოხდება მშენებარეს სტატუსის შენობა-ნაგებობებში. მე, როგორც სამშენებლო სამართლის სპეციალისტს, ბუნებრივია, მოწონს ეს, თუმცა ბუნებრივია ბიზნესი ამას გააპროტესტებს. ამის პირველი მცდელობა იყო 2019 წელს, მაგრამ ისეთ უცნაურ კანონებთან ერთად იყო პაკეტში, რომ შსს-მ დაბლოკა და უბრალოდ უარი თქვა. ახლა, პაკეტში მხოლოდ ის ნაწილია დარჩენილი, რომელიც მაშინ ძალოვანმა უწყებამაც მოიწონა. ამიტომ, მაქვს მოლოდინი რომ წინააღმდეგობების მიუხედავად ეს კანონი გავა და დამტკიცდება. მით უფრო, რომ მეორე მცდელობაა. ამით ბიზნესს ექნება მოტივაცია, რომ არ დატოვოს შენობა ექსპლუატაციაში მიღების გარეშე. ახლა კი, ეს იმდენად ფორმალურია, რომ ბანკებიც კი აღარ აქცევენ ყურადღებას და ისეთივე პირობებით იღებენ იპოთეკაში, როგორც ექსპლუატაციაში მიღებულ შენობებს. საერთოდ ნიველირებულია ეს ფაქტორი და ვთვლი, რომ კანონპროექტი თუ კანონად იქცა, იქნება პრევენცია“, - განაცხადა ზაქაშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.