ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება დისტანციურად, ვებგვერდის საშუალებითაც შეუძლიათ

ფერმერები აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით გათვალისწინებული შეღავათით შეუფერხებლად სარგებლობენ. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფლის განვითარების სააგენტო, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმთან” ერთად, უკვე მეორე წელია აღნიშნულ პროგრამას ახორციელებს.

„წელს პროგრამაში სიახლეა - ფერმერებს რეგისტრაცია და აგროდიზელზე ფასდაკლების მიღება ვებგვერდის my.mepa.gov.ge საშუალებითაც შეუძლიათ”, - განაცხადა აგროდიზელის პროგრამის მენეჯერმა, ლევან უროტაძემ.

გურჯანიის მუნიციპალიტეტში აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მიმდინარეობას აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი ლევან უროტაძე და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ წარმომადგენელთან ერთად გაეცნენ.

სამინისტროს ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დიზელის გაცემა დადგენილი გრაფიკით ხორციელდება: 1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით გაიცემა, არაუმეტეს, 2,000 ლიტრი საწვავი, 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - დამატებით, 1,500 ლიტრი, ხოლო 1 მაისიდან 31 დეკემბრის ჩათვლით - დარჩენილი რაოდენობა. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა. ფერმერებს ფასდაკლების ბარათების მიღება სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებშიც შეუძლიათ.

პროგრამა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ შორის გაფორმებული მემურანდუმის საფუძველზე ხორციელდება და მასზე საბიუჯეტო სახსრები არ იხარჯება.