საინვესტიციო კომპანიამ L Catterton-მა, რომელიც დაკავშირებულია ფრანგულ ლუქს-კლასის საქონლის მწარმოებელ კომპანიასთან LVMH Moet Hennessy Louis Vuitton SA, გააფორმა კონტრაქტი გერმანულ ფეხსაცმლის მწარმოებელ კომპანიასთან Birkenstock. ამ კონტრაქტთან დაკავშირებულია ასევე კომპანია Financiere Agache, რომელიც ასევე ეკუთვნის LVMH-ის თავკაცის ბერნარ არნოს კომპანიას Groupe Arnault-ს.
როგორც Birkenstock-ის განცხადებაში ვკითხულობთ, ძმები კრისტიან და ალექს ბირკენშტოკები შეინარჩუნებენ წილს კომპანიაში, თუმცა, მისი მაჟორიტარული წილი გაიყიდება. კონტრაქტის ფინანსური ნაწილის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, თავად გერმანული კომპანიის აქტივები 4 მილიარდ ევროდ არის შეფასებული.
გერმანული ბრენდის ახალი მფლობელები აპირებენ ამ ბრენდის წილის ზრდას ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებზე, ასევე ონლაინ-კომერციისა და პირდაპირი გაყიდვების გაზრდას.
Birkenstock-ში აცხადებენ, რომ პანდემიის მიუხედავად, 2020 წელი გაყიდვების კუთხით, მათთვის რეკორდული იყო. მას ჯერ არ გაუვრცელებია ფინანსური ანგარიში, თუმცა, მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Birkenstock-მა გასულ წელს 721,5 მილიონი ევროს შემოსავალი მიიღო.
ცნობისთვის, Birkenstock-ში გლობალურად დასაქმებულია 4 300 ადამიანი. ეს კომპანია 1774 წელსაა დაარსებული და სპეციალიზირებულია სანდლებისა და სხვა ტიპის ფეხსაცმლის წარმოებაზე. 2017 წელს კომპანიამ დაიწყო ძილისთვის საჭირო აქსესუარებისა და ნატურალური კოსმეტიკის წარმოება. L Catterton-ი კი დაფუძნებულია 2016 წელს, მას შემდეგ, რაც არნოს ფრანგულმა გიგანტმა ამერიკული საინვესტიციო კომპანია Catterton შეიძინა.