აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ეკონომიკის სტიმულირების 1,9 ტრილიონიან პროექტს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენებმა მხარი დაუჭირეს ამერიკის ეკონომიკის სტიმულირების გეგმას, რომლის მოცულობაც 1,9 ტრილიონი დოლარია და ითვალისწინებს კორონავირუსის პანდემიით მიყენებული ზიანის აღმოფხვრას. კანონპროექტს ხმა მისცა მისი მხარდაჭერისთვის საჭირო მინიმალურმა ოდენობამ. მომხრე იყო - 219; წინააღდმეგი - 212.

ჯო ბაიდენის პროგრამით გათვალისწინებული პროექტი ორშაბათს კომიტეტებში განიხილეს და დაამტკიცეს, ხოლო პარასკევს საპროცედურო კომიტეტმა დაამტკიცა. გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 400 მილიარდი დოლარის მოხმარება უშუალოდ პანდემიასთან ბრძოლისთვის. 1 ტრილიონი დოლარი მიემართება მოსახლეობის დახმარებას, ხოლო დანარჩენი ეკონომიკის სტიმულირებას.

ამასთან, პროგრამაში არ მოხვდა ამერიკის ადმინისტრაციის წინადადება 15 დოლარამდე გაიზარდოს მინიმალური საათობრივი ანაზღაურება. ბაიდენის ადმინისტრაციას ეს ფაქტი არ მოეწონა, თუმცა, „პატივისცემით მოეკიდა მას“. დემოკრატები ცდილობენ, ეს დოკუმენტი ზედა პალატაში გამარტივებული პროცედურის შედეგად მიიღონ, რათა თავი აარიდონ რესპუბლიკელების წინააღმდეგობას.

დღეისათვის სენატში ადგილები ორივე პარტიას თანაბრად აქვს გაყოფილი 50-50, თუმცა თუ საჭირო გახდება, კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს, რომელიც ამავდროულად სენატის თავმჯდომარეც არის. ამასთან, საათობრივი ანაზღაურების გაზრდას სჭირდება 60 ხმა, რაც დემოკრატებს არ აქვთ, თუმცა, მათი თქმით, ისინი არ აპირებენ დანებებას და გეგმავენ საბოლოოდ ეს ცვლილება დაამტკიცონ.

დემოკრატებს იმედი აქვთ რომ კანონპროექტი საბოლოოდ ხელმოსაწერად პრეზიდენტს 14 მარტს გადაეგზავნება, რა დროისთვისაც იწურება ამერიკაში უმუშევართა დახმარების პროგრამა. თუმცა, მას ჯერ სენატის ბარიერის დაძლევა მოუწევს ვინაიდან რესპუბლიკელების აზრით, ეს კანონპროექტი არის „ძალიან გაბერილი“ , ხოლო თეთრ სახლში მიაჩნიათ, რომ 1,9 ტრილიონის პაკეტი ზუსტად შეესაბამება იმ მასშტაბის ზიანს, რომელიც მიადგა ქვეყანას პანდემიით.

კოკა კვირკველია