დღეიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 1-ლი მარტიდან, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ.

უწყების განცხადებით, აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში, პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს.

„რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ნადირობის მოყვარულებს მოუწოდებს, მკაცრად დაიცვან კანონი და დაწესებული ვადები. ნადირობის სეზონი მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.