მეწარმეებისთვის ექსპორტ–იმპორტის მიმართულებით ტრენინგები BTU-ში დაიწყება

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და სააგენტო ,,აწარმოე საქართველოში’’ ურთიერთთანამშრომლობაზე თანხმდებიან და ერთობლივ ინიციატივებს აანონსებენ.

უცხოური ბაზრების ათვისება, ექსპორტ/იმპორტი, სავაჭრო შეთანხმებები სხვადასხვა ქვეყანასთან – ამ და სხვა საკითხებზე ერთობლივი მუშაობა მარტიდან დაიწყება. ასევე მარტიდან დაიწყება მეწარმეთა მხარდაჭერა ინდივიდუალური კონსულტაციებით თუ სპეციალური ტრენინგებით.

მხარეთა შორის შეთანხმება, ასევე, გულისხმობს სააგენტოს ჩართულობას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შემუშავება–განვითარებაში სამეწარმეო საქმიანობისა და საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობისთვის, ექსპორტის მიმართულებით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, კონფერენციების გამართვას და სხვა.

საქართველოს სავაჭრო პოლიტიკისა და ექსპორტის პროცედურების შესახებ პირველი ტრენინგი BTU-ში 4 მარტს ჩატარდება. მომდევნო ეტაპზე, საქართველოში არსებული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გაიმართება ვებინარები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან DCFTA შეთანხმების საფუძველზე სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, აშშ-სთან, თურქეთთან, ბრიტანეთთან, აზიის სხვადასხვა ქვეყნებთან სავაჭრო შეთანხმებების შესახებ. ტრენინგები და ვებინარები წინასწარ რეგისტრირებული ნებისმიერი პირისთვის ღია იქნება.

ურთიერთშეთანხმებას მხარს უჭერს საქართველოში არსებული საერთაშორისო დიპლომატიური კორპუსი, საქართველოს სავაჭრო პალატა და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც მეწარმეთა გასაძლიერებლად სხვადასხვა აქტივობაში ასევე ჩაერთვებიან.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ქვეყანაში სამეწარმეო კულტურის ამაღლებას და ეკონომიკური სუბიექტების გამრავლებას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.

BTU-ში განმარტავენ, რომ უნივერსიტეტში არსებულმა მეწარმეობის ცენტრმა 2021 წელი დიდი წარმატებით დაიწყო. MIT-ის უმსხვილესი სამეწარმეო ქსელის, Martin Trust Center-ის წევრობა საქართველოში არსებულ მეწარმეებს უპრეცედენტო შესაძლებლობებს აძლევს საერთაშორისო ბაზრების ათვისებისთვის და ამ პროცესში სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.