2020 წელს 1 ლარად 29 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა,- შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა.
უწყების ინფორმაციით, 2020 წელს, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად პრივატიზებული ქონებების საბაზრო ღირებულება 29 012 665 ლარს შეადგენს. ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, გასულ წელს 1 ლარად პრივატიზებული ქონების ნაწილის ღირებულება არ შეფასებულა. მათ შორისაა, საქართველოს საპატრიარქოსთვის, დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შუამდგომლობით გადაცემული, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გადაცემული ქონება.
რაც შეეხება გასული წლების სტატისტიკას, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ჯამში 2015 წელს 1 ლარად 3 467 056 ლარის ღირებულების ქონებაა გაყიდული, 2016 წელს 9 225 999 ლარის ღირებულების, 2017 წელს 1 476 583 ლარის, 2018 წელს - 4 022 168 ლარის, ხოლო 2019 წელს სახელმწიფომ 1 ლარად ჯამში 85 მილიონ ლარამდე ღირებულების სახელმწიფო ქონება გაყიდა.