კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები, საერთო ჯამში, მსოფლიო მოსახლეობის 10%-ზე ნაკლებს აქვს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეცნიერმა სუმია სვამინატანმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგან, განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ ურბანულ დასახლებებში, არის ისეთი ადგილები, სადაც მოსახლეობის 50-60%-ს ვირუსი გადატანილი აქვს და შესაბამისად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებიც აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მთელი ქალაქი, პროვინცია, შტატი ან ქვეყანა აღწევს კოლექტიურ იმუნიტეტს.
„კოლექტიური იმუნიტეტის მიღწევის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა და ეს არის ის, რაზედაც ჩვენ ვართ ორიენტირებულები COVAX-ის საშუალებით : ვაქცინა ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი იყოს და მოსახლეობა რაც შეიძლება მალე უნდა აიცრას,“- განაცხადა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.
მისი თქმით, კარგი ამბავია ის, რომ ვაქცინები, რომლებიც ამ დრომდე დამტკიცებულია, დაავადების მძიმე ფორმებისგან, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობისგან დაცვის მაღალ დონეს გვთავაზობენ.
„ეს არის ის, რაც გვსურს. ჩვენ გვსურს, რომ გარდაცვალების მაჩვენებელი შემცირდეს, გვსურს, ადამიანები დაინფიცირებისა და საავადმყოფოებში მოხვედრისგან დაცულები იყვნენ. ახლა მნიშვნელოვანია, ქვეყნებმა მოსახლეობა პრიორიტეტებად დაყონ დაინფიცირების რისკის მიხედვით. პირველ რიგში, სამედიცინო სფეროს მუშაკები, ხანდაზმულები და მაღალი რისკის ქვეშ მყოფი სხვა ადამიანები უნდა აიცრან“, - აღნიშნა სუმია სვამინატანმა.