სომხეთსა და ევროკავშირს შორის 1-ელ მარტს ძალაში შესული ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის ხელშეკრულება (CEPA) „ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში“ შეაფასეს. მათი აზრით, ზემოთხსენებული შეთანხმება გააჩენს ახალ შესაძლებლობებს თავად ორგანიზაციისთვისაც.
„ჩვენ კომისიაში სომხეთსა და ევროკავშირს შორის ამოქმედებულ შეთანხმებას ვუყურებთ, როგორც შესაძლებლობას როგორც თავად სომეხთისთვის, ასევე ჩვენი კავშირისთვის. კარგი იქნებოდა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ეკონომიკური პრაგმატულობისა და თანასწორი პირობებით ვითარდებოდეს, რაც შედის ჩვენი ქვეყნების, მათი მოქალაქეებისა და ბიზნესის ინტერესებში“, - ნათქვამია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის განცხადებაში.
ორგანიზიაციაში აცხადებენ, რომ წევრი ქვეყნების მხრიდან მესამე ქვეყანასთან ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან შეთახმების გაფორმება სუვერენული ქვეყნების ეროვნული კომპეტენციაა.
ცნობისთვის, ევროკავშირმა 2021 წლის 10 თებერვალს ამცნო სომხეთს, რომ დაასრულა ევროკავშირის მხრიდან ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის ხელშეკრულების (CEPA) რატიფიცირება. დოკუმენტი ძალაში შევიდა 2021 წლის 1-ელ მარტს. ხელშეკრულება 2017 წლის 24 ნოემბერს გაფორმდა ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში.
„ყოვლისმომცველი და გაძლიერებული პარტნიორობის ხელშეკრულება“ (CEPA)- ეს არის ყოვლისმომცველი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს მყარ სამართლებრივ საფუძველს სომხეთსა და ევროკავშირის პარტნიორობაში და მოიცავს თანამშრომლობას მართლმსაჯულების, უსაფრთხოების, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, კლიმატის, განათლებისა და მეცნიერების, კულტურის და ჯანდაცვის მიმართულებით.