„კოვაქსის პლატფორმის“ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ ვერ დააკმაყოფილა კრიტერიუმი, რომელიც „კოვაქსმა“ დააყენა, არ არის სწორი, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ „ინტერპრესნიუსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც „კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში.
მისივე თქმით, საქართველომ „ფაიზერისგან“დამატებითი მოთხოვნები მიიღო.
„ამას სჭრიდება კიდევ დამატებითი მოლაპარაკება, სადაც ყველა პირობა დაზუსტდება და ამას ორმხრივად მოეწერება ხელი, როგორც კი გვექნება ეს ორმხრივი ხელშეკრულებები. როცა ჩვენ „ფაიზერის“ ვაქცინის ქვეყანაში შემოსვლას უკვე თებერვლის შუა რიცხვებიდან ველოდით, „ფაიზერის“ შუალედური კომუნიკაციის შემდეგ, „კოვაქსმა“ გვაცნობა, რომ „ფაიზერის“ მიერ არის გარკვეული დამატებითი მოთხოვნები, რომელიც ვაქცინის მიღებისთვის ქვეყნის ტექნიკურ მზაობას არანაირად არ უკავშირდება და ეს დაკავშირებულია პასუხისმგებლობის ფინანსურ გადაზღვევასთან, რომლის დეტალებს 23 თებერვლის წერილში ჩვენ „კოვაქსი“ ვერ გვატყობინებს, თუმცა, გვპირდება, რომ მომდევნო კვირის განმავლობაში ჩაინიშნება სატელეფონო კონსულტაცია, სადაც ეს პირობები დაზუსტდება. დღეს არის 1-ელი მარტი, ჩვენ „კოვაქსისგან“ და „ფაიზერისგან“ დღესაც ველოდებით სატელეფონო ზარის ზუსტ თარიღს, სადაც უკვე საბოლოოდ შევთანხმდებით იმაზე, რომ პირობები, რომელიც მათ ჩამოაყალიბეს და საქართველომ უკვე დაადასტურა იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების საშუალებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანხმობის საფუძველზე, იურიდიული და ტექნიკური მზაობა ყველა ამ პირობის მიღებისთვის არსებობს. ამდენად ქართული მხარის მიერ „ფაიზერთან“ მიმართებით შეფერხება არ ყოფილა არცერთი წუთი და როგორც კი გვექნება მათი საბოლოო დასტური, რა თქმა უნდა, ქართული მხარე ამ ნაწილს დახურავს და გადავალთ მოლაპარაკების ფინანსურ ნაწილზე. ქვეყნის მზაობა არის სრულ შესაბამისობაში იმ კრიტერიუმებთან, რომელიც „ფაიზერის“ ვაქცინის მისაღებად დაისვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, როგორც „კოვაქს პლატფორმიდან“ „ინტერპრესნიუსს“ უპასუხეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. „კოვაქსი“ მოელის, რომ გზავნილების ძირითადი წილი მარტში განხორციელდება. რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, მათი განმარტებით, „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.