ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (EIB) პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოში პირველად იმყოფება „ევროპის საინვესტიციო ბანკის“ (EIB) პრეზიდენტი ვერნერ ჰოიერი.
„დღეს, სტუმარი მიიღო ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის თანამშრომლობის პოზიტიურ დინამიკას.
მოლაპარაკებებისას, ივანე მაჭავარიანმა კიდევ ერთხელ, დაადასტურა ქვეყნის ურყევი ძალისხმევა - გააგრძელოს ევროპული ინტეგრაცია. როგორც ცნობილია, 2024 წელს, საქართველო ემზადება განაცხადის გასაკეთებლად ევროკავშირში სრულფასოვანი წევრობის თაობაზე. გამომდინარე აქედან, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო განვითარების პარტნიორების მხარდაჭერას აქვს უდიდესი მნიშვნელობა.
ვიცე-პრემიერმა EIB-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი უწევს საქართველოს ქვეყნის სტრატეგიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ხელშეწყობისთვის, რომელიც მნიშვნელოვანია ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და სატრანზიტო ფუნქციის გაძლიერებისთვის.
განსაკუთრებით, ხაზი გაესვა კოვიდ-19-ის პანდემიის დროს სამედიცინო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება-გაუმჯობესებისა და ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვების დაფინანსების უზრუნველსაყოფად, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 100 მლნ ევროს ოდენობის დახმარების მნიშვნელობას.
როგორც აღინიშნა, ქვეყანაში თავისი საქმიანობის დაწყების შემდეგ, ბანკმა სახელმწიფო სექტორში განახორციელა 1,48 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია, ხოლო დახმარების საერთო მოცულობა კერძო სექტორის ჩათვლით, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 2 მილიარდი ევროა. დახმარების ამ მოცულობით, ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით საქართველო EIB-ის ინვესტიციების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბენეფიციარია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში
შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეხო EIB-ის მონაწილეობას კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. დადებითად შეფასდა პროგრამები საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარების, ისევე როგორც ქვეყნის დიგიტალიზაციისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
„ევროპის საინვესტიციო ბანკის“ პრეზიდენტმა გამოთქვა მზაობა, მიმდინარე და განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში, საქართველოსთან გაგრძელდეს აქტიური პარტნიორობა.
თავის მხრივ, ვიცეპრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გამოთქვა იმედი, რომ EIB–ის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში კიდევ უფრო განამტკიცებს თანამშრომლობას ევროპის საინვესტიციო ბანკთან”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.