“ამჟამად, მეგობართან ერთად დაბალბიუჯეტიანი ფილმის სცენარზე ვმუშაობ. ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკაზეა, სადაც ახალგაზრდები რაღაც დიდის აღმოჩენის ზღვარზე არიან“ – ლუკა ცნობილაძე, KIU-ს მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი

ლუკა ცნობილაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს. ის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტია, რომელიც აქტიურად არის ჩართული KIU-ს სხვადასხვა აქტივობაში, რათა თავისი გამოცდილებითა და წარმატებით მაგალითი იყოს სხვა ახალგაზრდებისთვისაც. ლუკამ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის №41 საჯარო სკოლა დაამთავრა. იგი სკოლის ასაკიდანვე შესანიშნავად ართმევდა თავს სასკოლო ოლიმპიადებსა და კონკურსებს. ლუკა თავისუფლად საუბრობს ოთხ ენაზე და ამ ეტაპზე მეხუთე ენასაც ეუფლება. ჯერ კიდევ პატარა ასაკში მან წარმატება უცხო ენის ოლიმპიადაზეც მოიპოვა და ინგლისური ენის ოლიმპიადაზე, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით პირველი ადგილი დაიკავა.

luka-cnobilaz-01-1614607990.png

პირველი რეალური ნაბიჯი გამოწვევისკენ მაშინ გადადგა, როდესაც საფრანგეთში სასწავლებლად გაემგზავრა. იქ მან შეისწავლა გამოყენებითი მათემატიკა, სტატისტიკები და, რა თქმა უნდა, ფრანგული ენა. საფრანგეთში ყოფნისას საკუთარი მიზნები კიდევ უფრო ჩამოუყალიბდა. სურდა სამშობლოში ისეთი გარემო ეპოვა, სადაც სტუდენტები თავს თავისუფლად იგრძნობდნენ, სადაც თანატოლებთან ერთად კარგი ცოდნის მიღებას და საინტერესო პროექტებზე მუშაობას შეძლებდა. საქართველოში დაბრუნებულს კი ასეთ ადგილად ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დახვდა. მომავალი სტუდენტი აღფრთოვანდა მსოფლიო დონის საუნივერსიტეტო ქალაქით, KIU-ს პროგრამებით, პროფესორებითა და შესაძლებლობებით. მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლიურ ქალაქში მსგავსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების არსებობა, მიაჩნია, რომ ეს ქუთაისს და მთელს ქვეყანას ახალ სიცოცხლეს მისცემს და განავითარებს. KIU უკვე მის დიდ ოჯახად იქცა, სადაც მიზანდასახულ და ჭკვიან ახალგაზრდებთან ერთად საშუალება აქვს ბევრი საინტერესო პროექტი განახორციელოს. ამჟამად, მეგობართან ერთად დაბალბიუჯეტიანი ფილმის სცენარზე მუშაობს. ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკაზეა, სადაც მეგობრები რაღაც დიდის აღმოჩენის ზღვარზე არიან.

„KIU არის უნივერსიტეტი, რომელიც მუდამ მზადაა მოგვისმინოს, დაგვეხმაროს ხარისხიანი ცოდნის მიღებასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაში. უნივერისიტეტი მაღალი დონის განათლებასთან ერთად უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს. ახალგაზრდები ჩართული ვართ სხვადასხვა სახის აქტივობაში. ვარ KIU-ს ერთ-ერთი ელჩი. ჩემი პროექტები, რომლებიც გულისხმობს ინტელექტუალურ და სპორტულ შეჯიბრებებს, მიმართულია იმისკენ, რომ ხალხმა არა მარტო მოისმინოს, არამედ თავად იხილონ უნივერსიტეტის შესაძლებლობები. ჩემს პირად პროექტს რაც შეეხება, მე და ჩემს მეგობარს გეგმაში გვაქვს დაბალბიუჯეტიანი ფილმის გადაღება. სცენარზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს და იმედია წლის ბოლოს მზად იქნება. ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკაზეა, სადაც მეგობრები რაღაც დიდის აღმოჩენის ზღვარზე არიან. სცენარის დეტალებზე წინასწარ ბევრს არ ვისაუბრებ.

ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი ადამიანისთვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია თავისი ქალაქის მომავალი. წლების განმავლობაში უამრავი ახალგაზრდა ტოვებდა ქუთაისს და უმაღლესი განათლების მისაღებად თბილისში მიდიოდა. მე დღეს, ბედნიერი ვარ, რადგან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობს არათუ ადგილობრივი, არამედ უამრავი ჭკვიანი და ნიჭიერი სტუდენტი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, მათ შორის აჭარიდან, სამეგრელოდან, გურიიდან, კახეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, თბილისიდან და ა.შ. KIU ნამდვილად არის უნივერსიტეტი, სადაც ცოდნა ქმნის მომავალს.“ - ლუკა ცნობილაძე, KIU-ს მენეჯმენტის პროგრამის სტუდენტი.