„ოპტიმალური იქნება, ყველამ ციფრული გზით გადაწყვიტოს სამუშაო საათების აღრიცხვა“ – HR-ები ახალი წესის აღსრულებაზე

დღეიდან შრომის კოდექსიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით უკვე განისაზღვრა "ტაბელის" ცხრილი, სადაც კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს. ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად ექნებათ, თანაც კომპანიებმა ამ სიების არქივი 1 წლის ვადით უნდა შეინახონ.

სხვადასხვა კომპანიების HR სამსახურის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ასეთი სისტემა საქართველოში მოქმედ მსხვილი კომპანიების დიდ ნაწილს უკვე დანერგილი ჰქონდათ და შესაბამისად, მათთვის აღრიცხვიანობა პრობლემა არ იქნება. მცირე და საშუალო ბიზნესების და კომპანიებისთვის კი დამატებითი რესურსის და ინვესტიციის საჭიროება გაჩნდება.

რაც შეეხება კორონავირუსის პანდემიისას დისტანციურად მუშაობის პერიოდში კანონის აღსრულებას, კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახლაც და შემდეგაც აუცილებელია აღრიცხვიანობა ციფრული გზით მოხდეს.

HR Partners-ის დირექტორი ნინო ჯინჯოლავა ამბობს, რომ კანონი თავისთავად მოითხოვს დამატებით რესურსს დამსაქმებლის მხრიდან, თუმცა ვერ ხედავს გზას, როგორ მოხდება მისი აღსრულება.

,,ერთის მხრივ, ცვლილების შედეგად, აუცილებელი იქნება ტექნიკური გადამზადება და გადაიარაღება კომპანიების მხრიდან. მეორე საკითხია ის, რომ კადრებისთვის ეს იქნება დადებითი მომენტი, რადგან მათი შრომის საათები იქნება დეტალურად აღრიცხული და შესაბამისად, ნათელი, თუ საიდან იწყება ზეგანაკვეთური შრომა. მაგრამ იმ შემთხვევაში კომპანია თუ არ შეასრულებს ამ პირობას მერე რა ხდება, სასამართლოში მიდის დასაქმებული? რა არის მექანიზმი, ეს არის აქ მნიშვნელოვანი და მთავარიც კი. როგორი იქნება აღსრულების მექანიზმი, ეს არის ყველა კანონის მთავარი პრობლემა“, - აცხადებს ჯინჯოლავა.

nino-1614665711.jpg

„გლობალ ბიარ ჯორჯიას“ HR დირექტორი თამუნა ლასურაშვილი კი ამბობს,რომ ბაზარზე კანონმდებლობის ცვლილება პასუხია არსებულ გამოწვევებზე.

,,ახალი აღრიცხვის მექანიზმს, უნდა შევხედოთ ორი კუთხით. ერთი, რომ კანონმდებლობაში ცვლილების შეტანა უმეტეს წილად საჭიროებიდან გამომდინარე ხდება. შეხვედრების დროს იურისტები ცალსახად ამბობდნენ, რომ ამ ახალი ტაბელის შემოღების მიზანი იყო, რომ ადამიანებს სამართლიანად აუნაზღაურდეთ მათ მიერ გაწეული შრომა და ეს იყოს ორივე მხარისათვის გამჭვირვალე და აუდიტის შემთხვევაშიც მარტივად დასამონიტორინგებელი. მეორეს მხრივ, საოპერაციო კუთხით რომ შევხედოთ, დიდ და საერთაშორისო კომპანიებს ისედაც ჰქონდათ მსგავსი მექანიზმი აღრიცხვის. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ასეთი კომპანია ბევრი იყო. მცირე და საშუალო ბიზნესების და კომპანიებისთვის დამატებითი რესურსის და ინვესტიციის საჭიროება გაჩნდება.

ჩემი აზრით, ოპტიმალური იქნება, ყველამ ციფრული გზით გადაწყვიტოს სამუშაო საათების აღრიცხვა და არა მატერიალური აღრიცხვის. მიუხედავად იმისა, რომ კანონი უშვებს ამ შესაძლებლობასაც“-თამუნა ლასურაშვილი.

tamuna-1614665608.jpg

კორონავირუსის პანდემიის გამო კი სავარაუდოდ, კომპანიების დიდ ნაწილს, მათ ვისაც თანამშრომლები დისტანციურად მუშაობის რეჟიმზე ჰყავთ გადაყვანილი, თანაშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვიანობა ნამდვილად ციფრული სისტემით მოუწევთ.

სწორედ ციფრული სისტემის საჭიროებაზე საუბრობს HR და ორგანიზაციური განვითარების კონსულტანტი self.ge-ს დამფუძნებელი ნინო ფეიქრიშვილი ,,ბიზნსპრესნიუსთან“.

,,შრომის კოდექსის აღნიშნული ცვლილება კომპანიებში კიდევ უფრო აჩქარებს ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების აუცილებლობას. ეს ცვლილება კომპანიებს ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს და მოითხოვს, რომ გადავიდნენ ახალ ტექნოლოგიებზე, რათა თავი აარიდონ, რუტინულ ხელით შევსების პრაქტიკას. ჩემი შეფასებით, ეს უკანასკნელი ბევრ პრობლემას და შეცდომას გამოიწვევს.

რაც შეეხება იმას, თუ რა შეიცვლება თანამშრომლებისათვის, მათთვის იცვლება ის, რომ მუდმივად საქმის კურსში იქნებიან რამდენი აქვთ ნამუშევარი კონკრეტული თვის ჭრილში და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ თემას, რომელიც აქამდე ბოლომდე ვერ რეგულირდებოდა წესრიგში, მოიყვანს“, - განაცხადა ფეიქრიშვილმა.

nino1-1614615655.jpg

self.ge-ს დამფუძნებელი პერსონალის აღრიცხვისა და ადმინისტრირების ახალი სისტემის შესახებაც საუბრობს.

,,self.ge ეს არის ახალი სისტემა ბაზარზე, რომელიც აბსოლუტურად მოერგო შრომის კოდექსის ყველა იმ სიახლეს, რომელიც დღეს შევიდა ძალაში. ეს არის პერსონალის აღრიცხვისა და ადმინისტრირების ავტომატიზირებული სისტემა. რომელიც კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას გააციფრულონ hr ადმინისტრაციული პროცესები. პროგრამას შეუძლია როგორც ოფისში მომუშავე თანამშრომლების ბარათით აღრიცხვა, ასევე დისტანციურად მომუშავე თანამშრომლების აღრიცხვა.

სისტემა განსაკუთრებულია იმით რომ არის ორმხრივი, აქვს როგორც თანამშრომლის, ასევე ადმინისტრაციის ინტერფეისი, ამასთან სისტემას აბსოლუტურად ყველა HR ადმინისტრაციული პროცესი და დოკუმენტაცია გადააქვს ელექტრონულად. თანამშრომელს საშუალება ეძლევა სისტემაში თვითონ ელექტრონულად მოითხოვოს შვებულება, ამავე პრინციპით მართოს ბიულეტენების ატვირთვა და დეკრეტული შვებულებები და ა.შ. ამავე სისტემით ყოველი თვის ბოლოს ავტომატურად ეგზავნება თანამშრომელს ხელმძღვანელის მიერ დადასტურებული ნამუშევარი საათების ოდენობა, რაც კანონის მოთხოვნაა. სისტემას აქვს ბევრი სხვა ფუნქციონალი, რომელსაც ინფორმაცია ციფრულ სივრცეში გადააქვს“, - განაცხადა ნინო ფეიქრიშვილმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

nino2-1614615679.jpg

თამარ მუკბანიანი