შარლ მიშელი - პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველოს  უახლოეს პერიოდში ექნება  ვაქცინებზე წვდომა

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ მომავალშიც იქონიოს ევროკავშირის იმედი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

„დღეს ასევე მქონდა საშუალება მივსულიყავი ადმინისტრაციულ ხაზთან და სამხრეთ ოსეთის ქართულ ტერიტორიაზე შევხვედროდი ადგილობრივ თემს. ვხედავ, რომ ეს კონფლიქტი აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე. ბორდერიზაცია, უკანონო დაკავება აბსოლუტურად მიუღებელია. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ ერთიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ევროკავშირი არის სრულად ერთგული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ევროკავშირის მონიტორინგის გუნდს. ადგილზე ისინი არიან, ისინი გრძნობენ პასუხისმგებლობას, ისინი არიან საერთაშორისო თანამეგობრობის ყური და პირი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი რეგიონში არის აღმოსავლეთ პარტნიორობის იდეის და სულისკვეთების ამსახველი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ მომავალშიც იქონიოს ევროკავშირის იმედი“, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ამავე პრესკონფერენციაზე შარლ მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში მიიღებს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს.

„ევროკავშირი საქართველოს გვერდით დგას პანდემიის პერიოდში. ევროკავშირი და ჩვენი გუნდი მხარს უჭერს საქართველოს 1,5 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტში იმისთვის, რომ მოხდეს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების დაძლევა. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მონაწილე ამ პროცესში. იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ წვდომა ვაქცინებზე. მე პირადად გარწმუნებთ, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში ექნება ვაქცინებზე წვდომა“, - განაცხადა შარლ მიშელმა.