თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი შემცირდა

თებერვლის მეორე ნახევარში რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი შემცირდა. რუსეთის მარცვლეულის კავშირის ინფორმაციით, შეზღუდვების მოლოდინში ექსპორტიორები დიდი რაოდენობით ტვირთავდნენ მარცვლეულს, შედეგად დეკემბერ-იანვარში ექსპორტის ტემპი იყო მაღალი, ხოლო თებერვლის მეორე ნახევრიდან ის შენელდა.

ცნობისათვის, რუსეთში 1-ლი მარტიდან ამოქმედდა ახალი საბაჟო ტარიფები, რომლის შედეგად ტონა მარცვლეულზე ტარიფი 50 ევრომდე გაიზარდა, მაშინ როცა 25 თებერვლამდე 25 ევროს შეადგენდა.

რუსეთის მარცვლეულის კავშირის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისიდან 2020 წლის 15 თებერვლამდე ექსპორტირებული იყო 27,7 მილიონი ტონა მარცვლეული, მათ შორის 24,8 მილიონი ტონა ხორბალი. 2020 წლის ივლისიდან 2021 წლის 15 თებერვლამდე ექსპორტზე გავიდა 37,3 მილიონი ტონა მარცვლეული, მათ შორის, 32,1 მილიონი ხორბალი, შედეგად მარცვლის ექსპორტი გაიზარდა 34,5%-ით, ხოლო ხორბლის 30%-ით.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, 2020 წლის თებერვალში ყოველდღიურად იტვირთებოდა 78 ათასი ტონა მარცვლეული, ხოლო წელს 1-15 თებერვლის მონაკვეთში საშუალო მაჩვენებელი იყო 154 ათასი ტონა, მათ შორის 147,5 ათასი ტონა ხორბალი. შედეგად ვხედავთ, რომ ექსპორტი ამ მონაკვეთში გაზრდილია 2,2-ჯერ.

ამავე მონაცემებით 1-15 თებერვლის მონაკვეთში სულ საექსპორტოდ დატვირთულია 2,8 მილიონი ტონა მარცვლეული, ხოლო 15-24 თებერვლის მონაკვეთში ექსპორტზე გავიდა 1 მილიონი ტონა მარცვლეული. რუსეთის მარცვლეულის კავშირის ინფორმაციით, ყოველდღიურმა მაჩვენებელმა იკლო 110 ათასი ტონით. თუმცა ეს მაინც მეტია 2020 წლის თებერვალზე.

კოკა კვირკველია