საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე სამი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სამი პირი დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მათი მმართველობის ქვეშ მყოფი კომპანიების მეშვეობით, 2019-2020 წლებში ფიქტიური ოპერაციები განახორციელეს, რა გზითაც შეიქმნეს ჯამში 426 352 ლარის ოდენობის ყალბი აქტივი, რომელსაც შემდგომში მოტყუებით დაეუფლნენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიების პროცესში, ზიანის ანაზღაურების სახით, სახელმწიფო ბიუჯეტში 139 000 ლარი იქნა შეტანილი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება გრძელდება.