დარწმუნებული იყავით, რომ Covax პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისთვის თანხა Covax პლატფორმას დღეს გადაერიცხა.
„დღეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა Covax პლატფორმაზე 575 000 დოლარი გადარიცხა. მოგეხსენებათ, დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაერო-ს ბავშვთა ფონდის საშუალებით. დარწმუნებული იყავით, რომ Covax პლატფორმიდან ვაქციენების პირველი პარტია ამ თვეში შემოვა და ვაქცინაცია საქართველოში Covax პლატფორმიდან შემოსული, დიდი ალბათობით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით, დაიწყება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, Covax პლატფორმიდან შემოთავაზება „ასტრაზენეკას“ გარდა, ახალ ამერიკულ ვაქცინაზეა. რაც შეეხება "ფაიზერს", ამირან გამყრელიძის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ "ფაიზერის" ვაქცინას, საქართველო მალე მიიღებს.
„ნოვოვაქსი“ დაახლოებით 2 თვის შემდეგ განთავსდება Covax-ზე. გვეკითხებიან, არის თუ არა საქართველო. ეს ახალი ინოვაციური ვაქცინაა, რომელსაც საქართველო მიიღებს და ჩვენ უშუალოდ მის მწარმოებელთან გვაქვს მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებაზე.
„ფაიზერთან" უნდა ჩაინიშნოს სატელეფონო მოლაპარაკება და დარწმუნებული ვარ, ის დოზები, რაზეც Covax შეპირებული იყო, 29 250 დოზა, ამას ქვეყანა მალე მიიღებს",- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.