მივდივართ სტაბილიზაციისკენ, მაგრამ „თავში არ უნდა აგვივარდეს“ ახლა და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ვაქცინაცია ახალი შემთხვევების რაოდენობაზე გავლენას ახდენს გრძელვადიან პერიოდში, ამიტომ საქართველოში, პირბადის ტარება, ჰიგიენის დაცვა, თავშეყრისთვის თავის არიდება და დისტანციის დაცვა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება საჭირო.
„მე დიდი იმედი მაქვს, რომ შევინარჩუნებთ ეპიდსიტუაციას, ამიტომ ძალიან კარგია, რომ ყველას პირბადე გიკეთიათ. სიტუაცია სტაბილიზირდება ქვეყანაში, მაგრამ ნუ შევიქმნით ილუზიას, რომ მოვერიეთ ჩვენ და დავამარცხეთ კორონავირუსი. აუცილებელია ყველა ამ რეკომენდაციის დაცვა, რასაც ჩვენ ხშირად ვამბობთ და მათ შორის, ყველაზე მთავარი არის პირბადე. ის, რომ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში, ისრაელში, რომელმაც 100 ათას მოსახლეზე ყველაზე მეტი ადამიანი აცრა, ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად მაინც არის 4 ათასი, ამიტომ ძალიან გამკაცრებულია ყველა რეკომენდაციაზე აღსრულების კონტროლი. ვაქცინაცია ახალ შემთხვევათა რიცხვზე მოქმედებს გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ახლოვადიან პერსპექტივაში ის გარკვეულწლად ამცირებს ჰოსპიტალიზაციას და გართულებებს. აქედან გამომდინარე, ნიღაბი, ხელების დაბანა, დისტანციის დაცვა და დიდი შეკრებებისთვის თავის არიდება აუცილებლად კარგა ხანს დაგვჭირდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეს ახალი შემთხვევათა რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით გაიზარდა, რაც შესაძლოა თებერვალში დაწყებული შემსუბუქების გავლენა იყოს.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საშუალოდ 18 ათასზე ზემოთ არის ტესტირება და როგორც ხედავთ, ახალი შემთხვევების რაოდენობა პერიოდულად იკლებდა, თუმცა დღეს ოდნავ „მოიქნია კუდი“. თებერვალში ჩვენ, როდესაც შემსუბუქება დავიწყეთ, იცით, რომ მისი ეფექტი ჩნდება სადღაც ორი- სამი კვირის შემდეგ, ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მისი გავლენა იყოს, მაგრამ ეს პატარა ფლუქტუაციაა, დიდი ფლუქტუაცია ეს არ არის, ამიტომ არის საჭირო, რომ შემდგომი შემსუბუქებისთვის დაახლოებით ორკვირიანი დაკვირვება იყო, რომელიც დღეს განხილული იყო საკოორდინაციო საბჭოზე, შემდგომ შემსუბუქებამდე ჩვენ ვაკვირდებით სიტუაციას და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა გამყრელიძემ.