ვაქცინაციის საბჭო მზად არის გაითვალისწინოს არასამთავრობო სექტორის ის წინადადებები, რომელიც ანტიკორუფციული კუთხით იქნება შემოთავაზებული, რადგან კორუფციის რისკი ეპიდემიის პირობებში, მაღალია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ვაქცინაციის გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, რომლის განახლება თავიდანვე დაიგეგმა.
„ვაქცინაციის გეგმის მუშაობის პროცესი იყო ძალიან წარმომადგენლობითი. გეგმა არის ცოცხალი დოკუმენტი და მისი განახლება იგეგმებოდა თავიდანვე, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ გავითვალისწინოთ არასამთავრობო სექტორის წინადადებები თუ დამატებითი მექანიზმების გათვალისწინებას მიიჩნევენ მნიშვნელოვნად გეგმის ფარგლებში. ვაქცინაციის საბჭო, რომელიც ასევე წარმომადგენლობითი ორგანოა და იქ არიან როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო სექტორის წამომადგენლები, მზად არის განიხილოს ის წინადადებები, რომელიც ანტიკორუფციული კუთხით იქნება შემოთავაზებული, რადგან კორუფციის რისკი ეპიდემიის პირობებში, როდესაც ბაზარზე დეფიციტია ვაქცინებთან მიმართებაში მაღალია და მე გუშინაც ვახსენე ის, რომ სამინისტრომ აქამდეც მიიღო გარკვეული შუამავლებისგან შემოთავაზებები, რომლებიც ვერ ადასტურებენ მათ კავშირს მომწოდებლებთან და რა თქმა უნდა, ასეთი რისკებისგან გადაზღვევა მნიშვნელოვანია და მზად ვართ ეს ნაწილი გავითვალისწინოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის სამი გზა არსებობს და სავარაუდოდ, ვაქცინაციის პროგრამის დაწყება მარტს აღარ უნდა გადაცდეს.
„რაც შეეხება „კოვაქსთან“ თანამშრომლობის ნაწილს - რა თქმა უნდა, ყველა სახელმწიფოს მათ შორის ჩვენ უფლება გვაქვს გამოვხატოთ უკმაყოფილება გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით, ეს კომუნიკაცია მოხდება „კოვაქსთანაც“ და „კოვაქსის“ პარტნიორებთანაც, რომელიც გახლავთ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, ვაქცინების გლობალური ალიანსი. ეს არის სამუშაო პროცესი და ვფიქრობ, რომ გუშინდელი გაუგებრობა ამოწურულია და თანამშრომლობა გაგრძელდება მიმდინარე რეჟიმში.
ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის სამი გზა არსებობს: „კოვაქსი“, ბილატერალური მოლაპარაკება და ევროკავშირთან თანამშრომლობა - ეს სამივე გზა დღეს არის ძალიან აქტიურ ფაზაში. „კოვაქსი“ ცალსახად მიუთითებს, რომ ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შემოვა უფრო ადრე, ვიდრე „ფაიზერი“. „ფაიზერის“ შემოტანის ვადა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც ჩვენ საბოლოოდ ჩამოვყალიბდებით იმ პირობებზე, რასაც დააყენებს „ფაიზერი“ სატელეფონო კომუნიკაციის დროს. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტს აღარ უნდა გადაცდეს ვაქცინაციის პროგრამის დაწყება და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში სამივე მხარე შეასრულებს თავის ვალდებულებას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.