ხორბლის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეომილი“ ერთ-ერთია იმ ქართულ კომპანიათა შორის, რომელმაც ევროპის ბაზარზე გასვლა მოახერხა და ექსპორტის მასშტაბების ზრდისთვის ემზადება.
„ჯეომილმა“ ბაზარზე ოპერირება 2006 წელს დაიწყო, თუმცა 2015 წლისთვის კომპანიაში გარკვეული ცვლილებები მოხდა. კომპანიის გენერალური დირექტორი ბესო ბეჟაშვილი გვიამბობს, რომ „ჯეომილმა“ მალევე მოახერხა, ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე გამხდარიყო. დღეს, ის ხორბლის გადამამუშავებელ კომპანიათა სამეულშია.
საინტერესოა, რა გზა გაიარა ბიზნესმა ადგილობრივი წარმოებიდან ევროპის ბაზრამდე?
„16-17 წელია, რაც ბაზარზე ვოპერირებთ, თუმცა ყველაფერი მარტივად არ დაწყებულა. თავდაპირველად ფქვილის იმპორტით ვიყავით დაკავებულები, შემდეგ დავაფუძნეთ საწარმო. პირველ ეტაპზე, 120 ტონა ფქვილს ვაწარმოებდით, ახლა კი დღე-ღამეში შეგვიძლია, 500 ტონა ხორბალი გადავამუშაოთ“, - განგვიმარტა „ჯეომილის“ დირექტორმა.
თავდაპირველად, „ჯეომილმა“ თავისი საბრუნავი კაპიტალით დაიწყო ოპერირება, მოგვიანებით კი დამატებითი კაპიტალის მოსაზიდად საბანკო ინსტიტუტებს მიმართა.
„ამჟამად „საქართველოს ბანკისგან“ 5 მლნ ევრომდე ფინანსური რესურსი გვაქვს მოზიდული, რომლის ნაწილიც საბრუნავისთვის გამოვიყენეთ. საქართველოში ფინანსურ რესურსზე წვდომა რთული არ არის, თუ კომპანიას განვითარების პერსპექტივა აქვს და საბანკო თუ სხვა ინსტიტუტები ამაში რწმუნდებიან“, - განმარტა „ჯეომილის“ გენერალურმა დირექტორმა.
„საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია, იყოს ბიზნესის გულშემატკივარი და საიმედო პარტნიორი. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ წავახალისოთ ეკონომიკურად გამართული პროექტები. კომპანია „ჯეომილი“ სწორედ ისეთი კომპანიაა, რომელიც არ ჩერდება, ვითარდება, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ამით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ ვცდილობთ პანდემიის ჟამს კიდევ უფრო მეტი გამოწვევით სავსე სექტორს დავუდგეთ მხარში და ერთად ვიზრუნოთ ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის“,- განაცხადა ოთარ სვანიძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.
კომპანია „ჯეომილის“ წისქვილი თბილისში მდებარეობს, სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით კი პროდუქცია მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. „ჯეომილის“ მომხმარებლებს შორისაა პურის ქარხნები, საკონდიტროები, რესტორნები, სასტუმროები და საცალო გაყიდვების სექტორი. პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს როგორც დიდ შეფუთვას 50 კგ ტომარაში, ასევე საცალო შეფუთვაში 1-2-5 კგ და ბაზარზე წარმოდგენილია ბრენდით “La familia” “მადლი“, „დოლაბი“.
ახლახან „ჯეომილმა“ პროდუქციის ექსპორტი ირლანდიასა და საბერძნეთში დაიწყო, რადგან დააკმაყოფილა ის სტანდარტები, რასაც ევროპა გვიწესებს და რაც ზოგიერთი კომპანიისთვის რიგ შემთხვევაში, ბარიერებს ქმნის-ხოლმე.
„საქართველოს ბაზარი რომ ამოვწურეთ და მთელი ქვეყნის მასშტაბით მიწოდების ქსელი შევქმენით, დავიწყეთ ექსპორტზე ზრუნვა. ფქვილი გავიტანეთ აფრიკის ქვეყნებში - კონგოსა და ანგოლაში 2017-2018 წლებში ყოველთვიურად 2500-3000 ტონას ვგზავნიდით. ასევე, ბოლო პერიოდში საექსპორტი ქსელი შევქმენით საბერძნეთისა და ირლანდიის მიმართულებით. სამწუხაროდ, 2020 წელი პანდემიის გამო რთულად პროგნოზირებადი აღმოჩნდა, რადგან ხორბლის და ფქვილის ბაზარზე სერიოზული ბარიერები შექმნეს. მაგალითად რუსეთმა 15 თებერვლიდან შემოიტანა საბაჟო გადასახადი 50 ევროს სახით“, - განგვიმარტა ბესო ბეჟაშვილმა.
მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელმა გარკვეული ბარიერები შექმნა, „ჯეომილის“ განვითარების გეგმა ძირითადად ექსპორტზეა ორიენტირებული. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, საქართველოში ბევრი მუშაობის შედეგად შესაძლებელია, დააკმაყოფილო ყველა საერთაშორისო მოთხოვნა და შეძლო მსხვილი და მომგებიანი ბიზნესის აწყობა.
„ამჟამად ჩინეთთან გვაქვს მოლაპარაკებები. დაინტერესებულები არიან ჩვენი პროდუქციით, რადგან ხარისხი მაღალი გვაქვს. დიდ კონტრაქტზეა საუბარი და ვნახოთ, როგორ დასრულდება. რადგან საქართველოს ბაზრის მოთხოვნას სრულად ვაკმაყოფილებთ, გვსურს, ექსპორტიც გავზარდოთ და ამის ხარჯზეც ვიყოთ წარმატებული“, - განმარტა ბესო ბეჟაშვილმა.
მისივე თქმით, კომპანიის საწარმო მთლიანად მაღალტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, ჰყავს 120 დასაქმებული, რომლებიც კრიზისულ პერიოდებშიც კი სამსახურს სტაბილურად ინარჩუნებენ.
„განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მაღალი ტექნოლოგიების გამოყენება და ფინანსურ რესურსებზე წვდომა. ჩვენ ავამუშავეთ მაღალტექნოლოგიური საწარმო და შევძელით ბანკების ნდობის მოპოვება, მათ შორის, აქტიურად ვთანამშრომლობთ „საქართველოს ბანკთან“, - განაცხადა მან.
საინტერესოა, გაიხსნება თუ არა ჩინეთის და მსოფლიოს სხვა მსხვილი სახელმწიფოების ბაზარი ქართული კომპანიისთვის და რა ბიძგს მისცემს ის აღნიშნული ბიზნესით დაინტერესებულ სხვა კომპანიებს.
(R)