„ხელით მართვით რეჟიმზეა გადასული დიდწილად ეკონომიკა, ამიტომ გრძელვადიან ვერც პროგნოზებს ვაკეთებთ და ვერც გადაწყვეტილებებს ვიღებთ“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ რადიო პალიტრისა და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ პურის სუბსიდირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც გიორგი ხანიშვილმა განმარტა, სოციალურ პურზე ფასი მიმდინარე თვის ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან უწყება დაიწყებს მსჯელობას, თუ რა და როგორ შეიძლება განვითარდეს.
„თანხა, რა თქმა უნდა, სოლიდურია. ჯამში, 10 მლნ ლარს მიუახლოვდა სუბსიდირებაზე დახარჯული თანხები. ეს იყო პირველი ეტაპი და ახლა, რომელიც დაიწყო 1-ლი დეკემბრიდან, გრძელდება. ჯერჯერობით არ არის გადახდილი თებერვლის თანხები. თქვენ იცით, რომ განკარგულების მიხედვით, 25 რიცხვის მერე იწყება ანგარიშგება და წარდგენა. ვფიქრობთ, სახელმწიფომ როგორც თქვა, პანდემიის დაწყების დღიდანვე, რომ ჩვენ შევძლებთ ეტაპობრივად ვიმოქმედოთ, რათა ძირითად სოციალურ პურზე არ მოხდეს ფასების ზრდა, შენარჩუნებულია დღემდე. სავაჭრო ქსელში ჩვენ ვხედავთ, რომ სამწუხაროდ, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე ძალიან ბევრი მიმართულებით, სურსათზე ფასების ზრდა გვაქვს, მაგრამ ქვის პურსა და ძირის პურზე, რომელიც მასიურად მოიხმარება, ფასები შენარჩუნებულია.
ბუნებრივია, ეს შენარჩუნება მოხდება მარტშიც, იმავე სამოქმედო გეგმის მიხედვით, რომელიც მოქმედებდა. ალბათ, მარტის შუა რიცხვებიდან დავიწყებთ მსჯელობას, თუ რა და როგორ შეიძლება განვითარდეს მსოფლიო ბაზარზე, როგორი შეიძლება იყოს საფასო პოლიტიკა და იმის შესაბამისად, ადეკვატური იქნება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე, პირობა ჯერჯერობით არის, სრულდება და ვფიქრობთ, რომ მომავალშიც დაცული ინება მომხმარებლის ინტერესები“,- განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
კითხვაზე, იმ პირობებში, როდესაც ხორბლის ფასი იზრდება, როდემდე შეძლებს სახელმწიფო სუბსიდირების ხარჯზე, პურის ფასის შენარჩუნებას, - გიორგი ხანიშვილი პასუხობს: „ მე მახსოვს, ხორბლის ფასი ყველაზე მაღალი (ჯერჯერობით იქამდე არ მიუღწევია, ჩემი საქმიანობის პერიოდში), ეს იყო 305 დოლარი, თბილისის პირობებში დღგ-ს გარეშე ეს არის დაახლოებით - 330 დოლარი, ანუ 50 დოლარით უფრო მეტი... და მახსოვს, ასეთი გაძვირებიდან ჩამოსული 100-120 დოლარის ფარგლებშიც. ეკონომიკა ძალიან პროგნოზირებადი რთულად არის. ახლა, მიმდინარე ეტაპზე იმდენად გაძვირდა ყველა პროდუქტი მსოფლიოში, პანდმიიდან გამომდინარე, რომ შეიძლება ცოტა ხანგრძლივი იყოს ეს პერიოდი, მაგრამ როგორც წესი, ზაფხული ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ახალი სეზონი გვეტყვის და მოგვცემს ახალ შესაძლებლობას, ახალ საფასო პოლიტიკას და ახალ ურთიერთობებს. სახელმწიფომ შეიძლება სხვადასხვა მექანიზმებით, სხვადასხვა ბერკეტები გამოიყენოს და რამდენიმე მიმართებით წაახალისოს ბიზნესი, შესაბამისად, ამის ფარგლებში დაბალანსდეს ზოგადად პურის ფასის ზრდა. თუმცა, ჩვენ 2/3 ფქვილი გვაქვს თავისუფალ საბაზრო ცურვაში. პური თავისუფალ ბაზარზე გამოდის და თანდათან ვიწროვდება ის არეალი, სადაც პურის სუბსიდირება დგება. შეიძლება შემოდგომაზე გვქონდეს სხვა სოციალური მოცემულობა, უფრო მეტი დასაქმება, უფრო მეტი ბიზნესი, ამოქმედებული ტურისტული სეზონი, კოვიდი უკან დაწეული და მივიღოთ იმ პერიოდისთვის საჭირო სწორი ეკონომიკური გადაწყვეტილებები. ხელით მართვით რეჟიმზეა გადასული დიდწილად ეკონომიკა, ამიტომ ჩვენ გრძელვადიან ვერც პროგნოზებს ვაკეთებთ და ვერც გადაწყვეტილებებს ვიღებთ. ძალიან სწრაფად იცვლება მსოფლიოში ტენდენციები და ვცდილობთ, ჩვენც ამას მივყვეთ.
ჩვენ კიდევ გვაქვს ცოტა რთული პერიოდი. დაახლოებით, ივლისის დასაწყისამდე, მაგრამ სტანდარტულად, მსოფლიო ბაზარზე გაზაფხულის პერიოდი, განსაკუთრებით აპრილის ბოლოდან ითვლება ელევატორების ჩაწმენდის პერიოდად. როდესაც ძველი ხორბლისგან უნდა გათავისუფლდეს ელევატორები, შესაბამისად, იწყება ფასების შემცირება. ვნახოთ, კოვიდის პირობებში როგორ იქნება ახალი რეალობა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.