როგორი იყო საქართველოს და მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

გასული წელი მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევებით იყო სავსე.

პანდემიის პირობებში გლობალურად არსებული მოთხოვნისა და მიწოდების შოკების შედეგად ეკონომიკური აქტივობა მსოფლიოში შენელდა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის შენელებამ კვალი ჩვენს რეგიონსაც დაატყო. როგორც ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, 2020 წელს თურქეთის გარდა, საქართველო და სხვა ყველა მეზობელი ქვეყანა რეცესიაში იყო.

2020 წელს თურქეთის ეკონომიკა საშუალოდ 1.8%-ით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის დადებით მაჩვენებელში მნიშვნელოვანი წვლილი გასული წლის მეოთხე კვარტალმა შეიტანა, უფრო კონკრეტულად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში თურქეთის ეკონომიკა 5.9%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სხვა ქვეყნებს. გასულ წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა საშუალოდ 4.3%-ით შემცირდა. ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ქვეყანაში ნავთობის სექტორის 7%-იანი კლებაა. გარდა ამისა, 2.6%-ით შემცირდა არასანავთობო სექტორიც.

გასული წელი საკმაოდ მძიმე გამოდგა სომხეთისთვისაც, სადაც ეკონომიკა 7.6%-ით შემცირდა. ცხადია, რეცესიის მიზეზი კორონავირუსთან ერთად ყარაბაღის კონფლიქტიცაა, რომლის პირობებშიც ქვეყანის ეკონომიკას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

გასული წელი რეცესიის პერიოდი იყო რუსეთშიც. უფრო კონკრეტულად, 2021 წელს რუსეთის ეკონომიკა 3.1%-ით შემცირდა. ცხადია, ეკონომიკის შემცირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გლობალურად ენერგო რესურსებზე მოთხოვნის კლებაა.

რაც შეეხება საქართველოს. გასულ წელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა საშუალოდ 6.1%-ით შემცირდა. ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტურიზმის სექტორის შემცირებაა. გარდა ამისა, ეკონომიკურ რეცესიაში მნიშვნელოვანი წვლილი ექსპორტის შემცირებამაც შეიტანა, კერძოდ, გასულ წელს ჩვენი ქვეყნის ექსპორტი 12%-ით შემცირდა.

grafikaa-1614752494.png

ავტორი: ნოდარ სირბილაძე