გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 108 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 265 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შედეგად კი პლანეტის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას 5 წელი დასჭირდება. ყველაზე მეტი - 78 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა, მას ჩინეთი მოჰყვება 52 მილიონი ვაქცინირებულით. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 8.2 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 ადამიანზე 91 ვაქცინირებულს ნიშნავს. ისრაელის შემდეგ პროცენტულად ყველაზე მეტი ვაქცინირებული არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, გაერთიანებულ სამეფოში, აშშ-ში, ჩილეში, მაროკოსა და თურქეთშია.