ტეხასის შტატის დასავლეთის ოლქის ფედერალურმა სასამართლომ კორპორაცია Intel-ს დააკისრა 2,18 მილიარდი დოლარის გადახდა კომპანია VLSI Technology-ის პატენტების დარღვევის გამო. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.
საუბარია ორ პატენტზე, რომლებიც ეხება მიკროპროცესორების სწრაფმოქმედების გაზრდას. ერთ-ერთი მათგანის დარღვევისთვის Intel-მა უნდა გადაიხადოს 1,5 მილიარდის ჯარიმა, ხოლო მეორესთვის -675 მილიონი.
Intel-ის თანამშრომლები კი საპირისპიროს ამბობენ და ირწმუნებიან, რომ ერთ-ერთი ტექნოლოგია მათ კომპანიაში შეიმუშავეს. VLSI Technology-ის წარმომადგენლები კი პირიქით ამტკიცებენ, რომ Intel მიზანმიმართულად არღვევდა სხვის პატენტებს.
აღნიშნულ ფედერალურ სასამართლოს ელექტრონულ ბაზაში შევიდა ინფორმაცია, რომ მოსამართლემ საქმეზე ვერდიქტი გამოიტანა, თუმცა დოკუმენტზე წვდომა ჯერ არ არის ნებადართული. ადგილობრივი მედია კი წერს, რომ ეს არის ამერიკის ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჯარიმა პატენტების დარღვევის გამო.
შეგახსენებთ, 1968 წელს დაარსებული კომპანია Intel-ი, აწარმოებს ელექტრონულ მოწყობილობებს და კომპიუტერების კომპონენტებს, მათ შორის, მიკროპროცესორებს. კომპანიის ბრუნვამ 2020 წელს 77 მილიარდი დოლარი შეადგინა.