,სტატისტიკის ეროვნული სამსახურის იტყუება, როცა დეკემბრიდან არ ითვლის სახლის ხარჯებს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო“ - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ 2021 წლის ინფლაციის მაჩვენებლებს.
როგორც გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ და რადიო „პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, საქსტატმა რომ ყველა სუბსიდირება გაითვალისწინოს და არ ასახოს ინფლაციის მაჩვენებელში, დეფლაცია გვექნებოდა.
,,სტატისტიკის ეროვნული სამსახური იტყუება, როცა დეკემბრიდან არ ითვლის სახლის ხარჯებს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების გამო და ამბობს, რომ 20%-ით შემცირდა კომუნალურების ხარჯი. ეს მანიპულირებაა. გარდა ამისა, არის აშკარა სიცრუე და ,,იაღლიში“. პირველი ტალღის დროს, როცა ასევე დასუბსიდირდა კომუნალურები, ის არ გამოუკლიათ ინფლაციის მაჩვენებლისთვის. სუბსიდირება იყო ოქტომბერ-ნოემბერში და არც მაშინ გახსენებიათ ამ მინუს 20%-ის გამოკლება. დაიწყეს დეკემბრიდან.
ამ მეთოდოლოგიით უკვე იტყუებიან მინიმუმ 2% შემდეგი თვეებისთვის. რასაც სახელმწიფო ასუბსიდირებს, ინფლაციის მაჩვენებელს რომ ყველაფერი გამოვაკლოთ, დეფლაციაში გადავვარდებით. აპრილში თუნდაც იმიტომ იქნება მაღალი, რომ სუბსიდირება დასრულდება და ასევე, ინფლაციას გაზრდის მონეტარული პოლიტიკაც, რომელსაც ხელისუფლება ატარებს. ის არის ურთიერთგამომრიცხავი.
რატომღაც, გადაწყვიტეს, რომ იაფი ფულის პოლიტიკა აწარმოონ, როცა ინფლაციაა მთავარი პრობლემა და არა ეკონომიკის სტიმულირება. ქვეყნაში არნახული ბიუჯეტის დეფიციტია, არსებული თანხები დოლარში კი უცხოური სესხებით გვაქვს მიღებული, რაც ეროვნული ბანკის რეზერვებში ინახება და შემდეგ ლარით ბაზარს აწვება. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, სებ-ს შეიძლება წელს მილიარდი დოლარის რეზერვების გაყიდვაც კი მოუწიოს, რომ კურსი ელემენტარულად ამ ფარგლებში შეინარჩუნოს და ეკონომიკა არ ჩამოშალოს. რეზერვებში დალექილი ფული არ არის მარეგულირებლის მიერ გამომუშავებული ან მუქთა ფული.
გარდა ამისა, საპენსიო ფონდის ფული ისევ ბანკებს მისცეს. ასევე 2.5 მლრდ მიდის ე.წ. ლიკვიდობის ფული სებ-იდან ბანკებში. რომ შევაჯამო, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ქმნის სერიოზულ მაკროეკონომიკურ და ფასების ზრდის რისკს და ახლავე უნდა მიხედოს მთავრობამ“,- განაცხადა გოცირიძემ ,,საქმეში“.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, თებერვალში ინფლაცია 3.6% იყო. საქსტატი, დეკემბრიდან აღარ ასახავს ინფლაციაში კომუნალურ გადასახადებს, რადგან მის ნაწილს ხელისუფლება ასუბსიდირებს.