შემცირდა თუ არა სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს რეალიზაცია რეგულაციების გამკაცრების შემდეგ?

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მიხედვით, 2021 წლიდან მარკეტებში თამბაქოს შიდა ხილვადობა იკრძალება ანუ ბიზნესებმა სიგარეტის თაროები სრულად უნდა დაფარონ. მანამდე, 2018 წლიდან, აკრძალული იყო გარე ხილვადობა, რის გამოც თამბაქოს ჯიხურებმა თუ სხვა ობიექტებმა ვიტრინებიდან სიგარეტის კოლოფები აიღეს.

შემცირდა თუ არა თამბაქოს რეალიზაცია და რას უნდა ველოდოთ ახალი შეზღუდვებისგან? ამ კითხვით სასურსათო მაღაზიებსა და ეკონომისტებს მივმართეთ.

სასურსათო ქსელური მარკეტების გაერთიანებაში „რითეილ ასოციაცია“, აღნიშნავენ, რომ 2018 წლიდან ამოქმედებულ რეგულაციებს თამბაქოს რეალიზაციაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია და გაყიდვები არ შემცირებულა. მათივე განმარტებით, სიგარეტი ერთ-ერთი ყველაზე დაბალმარჟიანი პროდუქციაა და ყველა ქსელი მას ერთსა და იმავე ფასად ყიდის, შესაბამისად, შემოსავალი, რომელსაც კონკურენციის პირობებში სუპერმარკეტები თამბაქოსგან იღებდნენ, მწარმოებელი კომპანიის მიერ გაწეული მარკეტინგული ხარჯი იყო. 2021 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედებული რეგულაციების შემდეგ კი აღნიშნული შემოსავალი არც ქსელურ და აღარც არაქსელურ მაღაზიებს აღარ ექნება.

„2018 წლიდან თამბაქოს გარე ხილვადობა აიკრძალა. მიუხედავად ამისა და ახლა უკვე შიდა ხილვადობის შეზღუდვისა თამბაქოს რეალიზაცია ქსელურ მაღაზიებში არ შემცირებულა. სიგარეტი გაყიდვებში არის წამყვანი პროდუქტი, რომელიც რეალიზაციის მიხედვით, ყოველთვის პირველ სამეულში ხვდება-ხოლმე“, - განმარტავენ „რითეილ ასოციაციაში“.

„ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში“ კი აღნიშნეს, რომ არაქსელურ მაღაზიებში რეალიზაცია შემცირდა, რადგან მოთხოვნა გაჩნდა სიგარეტზე უფრო დაბალი ხარისხის პროდუქტზე - ე.წ დაჭრილ თამბაქოზე, თუმცა მოგვიანებით რეგულაციები მასზეც ამოქმედდა.

„გაყიდვები საერთო ჯამში შემცირებულია, თბილისში თამბაქოს ჯიხურები საერთოდ აღარ დარჩა. თამბაქოს გარე ხილვადობის აკრძალვის გამო, კომპანიებს მოუწიათ ხარჯების გაღება, რომ კანონი დაეცვათ. ახლა ახალი რეგულაციებიც რა თქმა უნდა, ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან დიდი კომპანიები თამბაქოს სტენდის განთავსებაში მაღაზიებს თანხას უხდიდნენ და დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, სავარაუდოდ აღარაფერს აღარ გადაუხდიან, რადგან შიდა ხილვადობაც აიკრძალა“, - განმარტეს „ქართულ მაღაზიათა ასოციაციაში“.

რაც შეეხება ეკონომისტების მოსაზრებებს, ისინი ზოგადად, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ხედავენ გარკვეულ ხარვეზებს, რაც მათი თქმით, ქვეყანაში ე.წ შავი ბაზრის გაჩენასა და კონტრაბანდული სიგარეტის შემოტანას უწყობს ხელს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ბიუჯეტს აზარალებს.

ეკონომისტი რამაზ გერლიანი განმარტავს, რომ ერთი შეხედვით პოზიტიურ რეგულაციას გარკვეული უარყოფითი შედეგებიც მოჰყვა.

„უკვე ვიღებთ ჩრდილოვან სეგმენტს, რადგან როდესაც ცოტა გეყიდება, ფასებს ზრდი და ეს თავისთავად იწვევს ჩრდილოვანი სექტორის სტიმულირებას. როცა მეტს ყიდდი, მაშინ მოგების ნაკლებ მარჟაზე მუშაობდი, ხოლო თუ უფრო ნაკლებს ყიდი, შესაბამისად, პროდუქტს აძვირებ და შემდეგ ეს გაძვირება იწვევს ჩრდილოვანი სექტორის სტიმულირებას. შავი ბაზარი ყოველთვის საგანგაშოა, რადგან ეს შემდეგ პირდაპირ ბმაშია კორუფციულ რისკებთან, ისინი შემდეგ თანაარსებობაში არიან და შესაბამისად, ეს არის ძალიან ცუდი, რადგან გადამდებია სხვა სექტორებისთვის“, - განმარტა ეკონომისტმა.

ეკონომისტი ლაშა გოცირიძე აღნიშნავს, რომ ხშირად, შეზღუდვები, რომელთა უკან კეთილშობილური მიზნები დგას, შეიძლება ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს. მისი თქმით, თამბაქოზე გაზრდილმა გადასახადებმა ერთ-ერთი მეზობელი ქვეყნიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან კონტრაბანდის შემოტანას მისცა სტიმული, რის შედეგადაც ბიუჯეტი შემოსავალს კარგავს, ხოლო სარგებელს არალეგალური საქმიანობით დაკავებული პირები იღებენ.

„თამბაქოს კანონმდებლობის უკან იდგა სწორი მიზნები, რომ შემცირდეს მომხმარებელთა რაოდენობა, მაგრამ ხშირად სამწუხაროდ, ჩვენ ვმსჯელობთ მიზნებით და არა შედეგებით. ხანდახან გვინდა კარგი მივიღოთ, მაგრამ ზოგჯერ იმდენად ცუდი გვერდითი ეფექტები გვაქვს, რომ მთლიანობაში უფრო მეტ ზიანს ვიღებთ, ვიდრე შედეგს. ამის მაგალითი არის გადასახადების საკითხი: თამბაქოზე იმდენად გაიზარდა გადასახადები, რომ ფაქტობრივად, წავახალისეთ კონტრაბანდა“, - განმარტა მან.

აღსანიშნავია, რომ რეკლამირების და ხილვადობის კუთხით განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაციები მოქმედებს სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, საქართველოსა და ესტონეთში სარეალიზაციო პუნქტის ჩვენება დაშვებული არ არის, საფრანგეთში კი პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას თამბაქოს კონტროლის მიმართ საკმაოდ მკაცრი მიდგომები აქვს. საქართველოს თამბაქოს რეკლამირებისა და პრომოციის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი აკრძალვები აქვს.

ნანა მღებრიშვილი