„პრემიერისგან დავალება მივიღეთ, რომ ჩავერთოთ 10-წლიანი გეგმის შემუშავებაში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარების გზამკვლევი იქნება"

პრემიერ-მინისტრისგან დავალება მივიღეთ, რომ ჩავერთოთ გრძელვადიანი, 10 წლიანი გეგმის შემუშავებაში, რომელიც ჩვენი ეკონომიკის განვითარების გზამკვლევი იქნება,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 10-წლიანი გეგმის შემუშავება ქართული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

„მოგეხსენებათ, ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური განვითარება, გეგმაზომიერი განვითარება და განჭვრეტადობა. ეს იქნება დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს პოსტ-პანდემიურ პერიოდში ბიზნესის აღდგენას და უახლოესი 10 წლის განმავლობაში ჩვენი ეკონომიკის განვითარების გზამკვლევი იქნება. ძალიან დიდი ენთუზიაზმით ვართ ჩართულები ამ დოკუმენტის შემუშავებაში“,-აღნიშნა თურნავამ.