ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების შერჩევის ტენდერი ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის პორტის ახალი ინვესტორების შერჩევის ტენდერი რამდენიმე თვეში გამოცხადდება და ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით ჩატარდება.

როგორც თურნავამ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პროცესში ჩაერთვება საერთაშორისო კონსულტანტიც.

„ჩვენი სამინისტროს სისტემაში შექმნილია სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტო. დღეს ჩვენმა სამინისტრომ და კერძოდ, ამ სააგენტომ მივიღეთ დავალება, რომ უახლოეს პერიოდში განვახორციელოთ საკონსულტაციო შესყიდვა იმისთვის, რომ მოვამზადოთ ანაკლიასთან დაკავშირებული ინვესტორების შერჩევის კონკურენტული ტენდერი. ეს ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება და ჩატარდება მაღალ დონეზე, ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. ჩვენ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშვებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტანტთან ერთად“, - განაცხადა თურნავამ.

ამასთან, მინისტრი იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროექტით დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

„ჯერ არ იქნება სწორი, რომ ნაადრევად ვისაუბროთ, რამდენად დიდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან და ვინ იქნება სავარაუდო ინვესტორი, თუმცა იმედი გვაქვს, რომ დასავლელი ინვესტორები დაინტერესდებიან, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის ამერიკელი ინვესტორების ყოლა ამ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტში, თუმცა შედეგები გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ყველა წესის დაცვით გავმართავთ ტენდერს. მიუხედავად საკმაოდ დინამიური და რთული მსოფლიო ვითარებისა, პანდემიიდან და იმ სხვადასხვა პროცესიდან გამომდინარე, რაც რეგიონში მიმდინარეობს, ჩვენ ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ეს პროექტი იყოს წარმატებულად შესრულებული“, - განაცხადა თურნავამ.