რუსეთიდან ხორბლის ექსპორტზე დაწესებულმა შეზღუდვებმა მიწოდების სრულიად მოულოდნელი დივერსიფიცირება გამოწივია. შეზღუდვების დაწესებამდე საქართველო გახდა რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტიორი მეოთხე ქვეყანა მოცულობის მიხედვით - ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს.
რუსეთის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, საუბარია იანვარში 350 ათასი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე საქართველოში. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ამ მოცულობის ნაწილი შემდეგ გავიდეს რეექსპორტზე, ნაწილი კი უბრალოდ ქაღალდზე გაფორმდა ნაადრევად, რომ სამომავლოდ გვერდი აუარონ ამოქმედებულ შეზღუდვებს.
რეექსპორტს არ გამორიცხავს „სოვერკონის“ დირექტორი ანდრეი სიზოვი, მეტიც მისი თქმით, ფოთის პორტიდან ტვირთების გადაზიდვა მცირე გემებით ადვილად შესაძლებელია თურქეთში.
ამასთან, საქართველოში რუსეთიდან შემოსულია რეკორდულად დიდი ოდენობის 215 ათასი ტონა ხორბალი, რაც მეოთხე უმსხვილესი შესყიდვაა თურქეთის (636,1 ათასი ტონა), ეგვიპტისა (471,3 ათასი ტონა) და პაკისტანის შემდეგ (225,6 ათასი ტონა).
სულ კი, სეზონის დაწყებიდან დღემდე საქართველოში ექსპორტირებულია 625 ათასი ტონა ხორბალი - წერს რუსული მედია. მათივე ინფორმაციით, მეტწილად საქართველოში რუსეთიდან შევიდა სიმინდი, რომლის მოცულობამ მხოლოდ იანვარში შეადგინა 132,9 ათასი ტონა, მაშინ როცა დეკემბერში 12,6 ათასი ტონა იყო. შედარებისთვის, თურქეთის ტრადიციულ ბაზარზე რუსეთიდან ექსპორტირებულია 60 ათასი ტონა სიმინდი.
ამასთან, რუსული მედია ყურადღებას ამახვილებს ფაქტზე, რომ საქართველო აპირებს ხორბლის იმპორტის ბაზრის დივერსიფიცირებას და ექსპორტის წილის გაზრდას ყაზახეთიდან.
შეგახსენებთ, რუსეთში 15 თებერვლიდან მოქმედებს მარცვლეულის ექსპორტზე კვოტა 17,5 მილიონი ტონაზე. გარდა ამისა, 15-დან 28 თებერვლამდე ხორბალზე დაწესდა საბაჟო ტარიფი 25 ევროს ოდენობით 1 ტონაზე, ხოლო 1-ლი მარტიდან 30 ივნისამდე ის გაიზარდა 50 ევრომდე.