მერებს უფლება ეძლევათ, აუქციონის ფორმით პრივატიზებული ან სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირებისთვის საინვესტიციო პირობები შეცვალონ ან გააუქმონ

მერებს უფლებამოსილება ეძლევათ, არაუგვიანეს 2021 წლის 1-ელი სექტემბრისა, საკრებულოს თანხმობით მიიღონ გადაწყვეტილება, სარგებლობის ან მართვის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების მიმღებისათვის პირობების შეცვლის ან გაუქმების შესახებ.

შესაბამისი ცვლილებები “ ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში“ შედის, რაც თავის მხრივ, კოვიდ პანდემიას უკავშირდება.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, მთელი რიგი ეკონომიკური აქტივობები შეფერხდა, რაც მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებული ან სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღებთა მხრიდან ნაკისრი პირობების შესრულებას ართულებს. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სასურველია დაწესდეს გარკვეული შეღავათები ბიზნეს სექტორისთვის.

ცნობისთვის, აღნიშნული უფლებამოსილება თბილისის მთავრობას უკვე მიეცა და ეს შესაძლებლობა პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ, ყველა მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.